მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ უნდა ვეძებდეთ საფრთხეებს იქ, სადაც არაა" - ეკონომისტი სებ-ის გადაწყვეტილებაზე

622225de4f825
სალომე ჭიპაშვილი
05.03.22 00:10
1115
„ჩვენ უნდა დავინახოთ საფრთხეები იქ, სადაც არის და არ ვეძებდეთ საფრთხეებს იქ, სადაც არ არის. ეს არის ზედმეტი სიფრთხილე“, - ასე შეაფასა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას PMCG-ის ეკონომისტმა მიხეილ კუკავამ ეროვნული ბანკის მიერ იპოთეკური სესხების გაცემის წესებში შეტანილი ცვლილებები.

„ეროვნული ბანკი ზოგადად რეგულირებას და საფრთხეებს ძალიან მკაცრად უყურებს და ეს განსაკუთრებით უცნაურია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო რეიტინგები ქართული ბანკების მდგომარეობას საიმედოდ აფასებს. იპოთეკური სესხების რეგულირების გამკაცრება არ არის იზოლირებული მოვლენა. შეიძლება, ჩვენთან ფინანსური განათლება მოქალაქეებში ნამდვილად მოიკოჭლებს, მაგრამ რეგულაციების გამკაცრება არ არის გამოსავალი", - განაცხადა ეკონომისტმა.

მისივე თქმით, ქართული ბანკები ყოველთვის იცავდნენ ოქროს შუალედს. არ ეწეოდნენ ისეთ რისკებს, როგორსაც ამერიკული ბანკები და არც ისეთი ზედმეტი სიფრთხილით გამოირჩეოდნენ, როგორც ევროპული ბანკები.

„ჩვენ უკვე საპროცენტო განაკვეთის ისეთ ზღვარზე ვართ, მთლიანი სესხების შეზღუდვა ქართულ ეკონომიკას არ წაადგება, ხოლო რაც შეეხება მოქალაქეებს, ადამიანებს ხშირ შემთხვევაში აქვთ არადეკლარირებული შემოსავლები და როდესაც ზღვარს ვზრდით, ამას არ ვითვალისწინებთ. სამწუხაროა, მაგრამ არაფორმალური ეკონომიკის წილი საქართველოში არც თუ ისე დაბალია", - აღნიშნა კუკავამ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა იპოთეკური სესხების გაცემის წესებში ცვლილებები შეიტანა. ახალი პირობების მიხედვით, ბანკებს მოუწევთ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობა, რომელიც 3 პროცენტული პუნქტით იქნება განსაზღვრული.

ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 მაისიდან უნდა შევიდეს.