მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ველოდით რომ 2020 წელს ზრდა გვექნებოდა" - BDO საქართველოში

601fb408bd5fe
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.21 17:10
1034
აუდიტორული, საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია BDO საქართველოში გასულ 2020 წლის საქმიანობას აფასებს და აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა კომპანიამ წელი პოზიტიურად დაასრულა.

Forbes Talks-თან ინტერვიუში "BDO საქართველოში"-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი კომპანიის 2020 წლის დასახული გეგმის შესრულების ფაქტორებზე საუბრობს: „რა მაჩვენებლებიც გვქონდა დაგეგმილი წლის დასაწყისში, იმ მაჩვენებელზე ვერ გავედით სამწუხაროდ, თუმცა ზრდა გვქონდა. არ ველოდით რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ზრდა გვექნებოდა, თუმცა არც თუ უმნიშვნელო ზრდა გვქონდა, რაც ჩვენმა დივერსიფიცირებულმა პორტფელმა და სწრაფმა ადაპტირებამ განაპირობა“.

ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით 2020 წლის დასაწყისი ბიზნესისთვის შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ბევრმა ბიზნესმა შეძლო განსხვავებულ რეალობაზე ადაპტირება, რაც BDO-ს საქმიანობაზეც აისახა.

„2020 წელს ბევრი განზომილება ჰქონდა, მათ შორის 2020 წელს თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში ბიზნესმა გარკვეულწილად შოკი მიიღო, ვინაიდან აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში უნდა გაეგრძელებინა ფუნქციონირება. ბევრი მსხვილი ბიზნესი, ვისაც საჭირო IT ინფრასტრუქტურა ჰქონდა და ბიზნეს სპეციფიკა ხელს უწყობდა, სწრაფად გადაეწყო. BDO-ში მარტის დასაწყისში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწყობილიყავით ონლაინ ფორმატზე, რაც 10 დღეში მოვახერხეთ. ტექნიკურად არ გაგვჭირვებია. ყველაზე რთული ის იყო, რომ ჩვენი მომხმარებლის უმეტესობისთვის პირველ ეტაპზე ასეთი ფორმატით მუშაობა წარმოუდგენელი იყო. ბიზნესის დიდ ნაწილს გარკვეული პერიოდი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ასე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება რაღაც ფორმებით უნდა მომხდარიყო; მეორე მხრივ ბიზნესმა აღმოაჩინა, რომ დისტანციური ფორმატით თანამშრომლობა შესაძლებელი იყო და ადაპტირდნენ. ყველაზე ამას სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, განსაკუთრებით ჰორეკა სექტორზე. ბიზნესის ნაწილი, რომელსაც ახალ პირობებში საქმიანობის განხორციელება შეეძლო გააგრძელეს ფუნქციონირება და ჩვენც შესაბამისად გაგვიადვილდა ურთიერთობა მათთან“, - განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.

ზურაბ ლალაზაშვილმა 2020 წელს პანდემიის პერიოდში კომპანიისა და პარტნიორებთან ურთიერთობის დროს შექმნილ სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ 2021 წლის გეგმები კომპანიამ სწორედ არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე დასახა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის დისტანცირების რეჟიმში ურთიერთობების ნაკლებობა იყო. გუნდის შეკრულობისა და ერთიანი მიზნების დასახვისთვის ფიზიკურად შეხვედრები და სოციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გამოწვევად რჩება სამწუხაროდ. როდესაც 2021 წლის გეგმები დავსახეთ, მათ შორის ამის გათვალისწინება მოგვიწია. ჩვენ დაშვება გვაქვს რომ მეტ-ნაკლებად ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება შეიძლება სექტემბრიდან შევძლოთ, მანამდე შეიძლება უბრალოდ ვერ მოვახერხოთ“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.