29.აპრილი .2020 12:51

"არ ვემხრობი ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას"

views 238
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ის არსებულ ვითარებაში, ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა. BMG-ის კითხვაზე პასუხისას, გვენეტაძემ თქვა, რომ უფრო ვრცლად ის ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი Facebook-ის მეშვეობით წერილობით განმარტებას გააკეთებს.

ამასთანავე, სებ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას დარეზერვების მოთხოვნის შემცირების შესახებ რეკომენდაცია “სოლიდური” საკონსულტაციო კომპანიებიგან არ სმენია.

“მე გამიგია და ვიცი, რომ ასეთი რეკომენდაცია არსებობს. სოლიდური საკონსულტაციო კომპანიისგან არ გამიგია ასეთი მოწოდება. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ეს ბრიფინგი დამთავრდება, მე გამოვაქვეყნებ ჩემს მოსაზრებას ამ საკითხზე, სადაც ვფიქრობ რომ არ არის ახლა ეს გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ იქ უფრო კარგად ჩამოვაყალიბებ სხვადასხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით და მოშველიებით თუ რატომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამის გაკეთება არ არის კარგი. ეს პოპულისტურად გამოიყურება ძალიან. თითქოს ეს არის პანაცეა და ყველაფრის გადამჭრელი, რაც ნამდვილად არ არის ასე. ჩემს Facebook გვერდზე გამოვაქვეყნებ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

დღესვე სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება დაანონსა და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-ს შეადგენს. შექმნილი კრიზისის ფონზე, სებ-ს ამ მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდებდნენ, რადგანაც ამ შემთხვევაში ბანკებს გაუჩნდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი, რათა ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდონ.

სებ-ს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი და საკონსულტაციო კომპანია “რეფორმატიკსიც” მოუწოდებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა