მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვფიქრობ, რომ მიღწეული შეთანხმებები შეიცვლება" - თამარ გაბუნია ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტზე

5f159333a9eac
ინგა მურუსიძე
20.07.20 16:50
1299
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებზე მიღწეული შეთანხმებები არ შეიცვლება. როგორც bm.ge-ის გაბუნიამ განუცხადა, „ჯერ კიდევ ყველაფერი ზუსტდება“.

ცნობისთვის: 17 ივლისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს. იმავე დღეს გაიმართა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მოსმენა-მიღება; შემდეგ იყო ისევ ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენა და ბოლოს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უნდა ეყარათ კენჭი, მაგრამ კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს არ დაამტკიცებდნენ. „გარკვეული კონსულტაციებისთვის გამოიკვეთა დროის საჭიროება და მინდა, გთხოვოთ, მესამე მოსმენის გადავადება", - ამ სიტყვებით მიმართა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ არჩილ თალაკვაძეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა და კენჭისყრაც გადაიდო.

თემაზე Bm.ge თამარ გაბუნიას ესაუბრა, მაგრამ ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი, რა იყო ძირითადი მიზეზები, რის გამოც კანონში ცვლილებები არ მიიღეს, თუმცა მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ შუალედში ეკატერინე ტიკარაძეს ესაუბრა.

რა ხდება დღეს აღნიშნულ საკითხზე და როდის გეგმავს სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებას - თამარ გაბუნია ამბობს, რომ "ეს კანონი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ"..

"რედაქციული ცვლილებები უკვე შეტანილია. უბრალოდ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. იურისტებთან მას შემდეგ არ მქონია კონსულტაცია, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ რეგლამენტის თანახმად, როგორც საჭირო იქნება, რაც ცვლილებების ყველაზე სწრაფად მიღების გზა იქნება, იმ გზას მივყვებით“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

კითხვას  -  შეიცვლება თუ არა საკვანძო საკითხები, რაზეც სამედიცინო დარგს, პარლამენტსა და სამინისტროს შორის შეთანხმება მიღწეულია, თამარ გაბუნია ასე პასუხობს : „არ ვფიქრობ, რომ რაზეც შევთანხმდით შეიცვლება. კიდევ დავაზუსტებთ ამ ყველაფერს“.

შეგახსენებთ: პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცებული ვარიანტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა. სამინისტრო დათმობაზე წავიდა საჯარიმო სანქციების ნაწილშიც და რიგ პუნქტებში მოიხსნა ქვედა ზღვარი, რითაც სასამართლოს შეუძლია დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განსაზღვროს რა მოცულობის სანქციას დააკისრებს კლინიკებს. ასევე, 20-დან 5 დღემდე შემცირდა სალიცენზიო პირობების შესრულების გადამოწმებისთვის მარეგულირებლის მიერ კლინიკაში შესვლის დრო. საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ნაწილში კი, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაიზიარა ბიზნესის მოთხოვნა, და ეს დისკრეციული უფლება კვლავ მარეგულირებელს დარჩა, თუმცა როგორც ახლა, სააგენტომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს.