მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაერთმა ინვესტორმა უარი თქვა ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე, რადგან ასეთი რთული ვითარებაა"

5dea0a8c1eaa3
სალომე მეცხვარიშვილი
06.12.19 12:00
1168
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მუშაობა ძალიან რთულ ვითარებაში უწევთ, რადგანაც რთულია დაარწმუნო ინვესტორიები ისეთ პროექტში ჩადონ თანხა, “რომელიც ასეთ ვითარებაშია”.

მისივე თქმით, ინვესტორების ნაწილმა, რომლებთანაც ზაფხულის შემდეგ საუბრობდნენ, უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე.

“ინვესტორების სახელებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. ძალიან რთულია დაარწმუნო რომელიმე ინვესტორი, უზარმაზარი თანხის ინვესტირება მოახდინოს პროექტში, რომელიც ასეთ ვითარებაშია.

რამდენიმე ინვესტორთან გვქონდა მოლაპარაკებები ზაფხულის შემდეგ, არაერთმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე, რადგან ასეთი რთული ვითარებაა. კიდევ გვყავს ერთი ინვესტორი, რომელსაც ველაპარაკებით და იმედი გვაქვს, წარმატებით დასრულდება”,- აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე თქმით, კომუნიკაცია და მუშაობა გრძელდება მათ შორის მთავრობასთან. რაც შეეხება ვადებს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით აქვს, ახვლედიანი ამბობს, რომ ვადები ისეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, როგორიც ანაკლიის პორტია, მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.

“არაერთხელ მითქვამს, რომ აქ არ არის მნივნელოვანი ვადები, მნიშვნელოვანია პროექტი და ის, რაც ამ პროექტისთვის არის საჭირო.ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროექტი წინ წავწიოთ. ვადებზე საუბარი არ არის პორტის ინტერესებში დღეს. ის ვითარება, რაც შექიმნა პროექტის გარშემო ბოლო რამდენიმე თვე, არის აღსანიშნავი და ამ გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ვსაუბრობთ “საუკუნის პროექტზე”, მაშინ ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები და დავსათ შეკითხვა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შესაბამისად, ქვეყნისთვის”,- აცხადებს ახვლედიანი.

რამდენიმე დღის წინ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. 

შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშკრულებების ხელმოწერის ვადა 16 დეკემბერს იწურება, წლის ბოლომდე კი უნდა მოხდეს ე.წ. ფინანსური დახურვა,- თქვა ცქიტიშვილმა.