მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არასერიოზულია, ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წლისთავზე 10-წლიან სტრატეგიაზე მსჯელობდე" - ჭუმბურიძე

60489ff0db63c
ინგა მურუსიძე
10.03.21 21:45
935
საქართველოში მოქმედი რვა ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციები მთავრობას ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის დროულად შემოტანისკენ მოუწოდებენ. ბიზნესასოციაციები აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს დროში გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი. გარდა ამისა, ასოციაციები რეგულაციების დოკუმენტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი და მიმართვის ერთ-ერთი ავტორი, სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, რომ ბიზნესს გეგმა სჭირდება. როგორც მან გადაცემა "საქმის კურსში" აღნიშნა, არასერიოზულია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წლისთავზე 10-წლიან სტრატეგიაზე მსჯელობდე.

"პირველ რიგში მთელი მსოფლიო მოერგო და გადავიდა მიმართულებაზე, რომ როგორმე ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს. მე ვფიქრობ, პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა დადოს დოკუმენტი, თუ რას აპირებს ხვალ, ზეგ და უახლოეს თვეებში, ან წლის ბოლომდე. პრაქტიკულად ვხსნით ყველაფერს და საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა მესამე ტალღა იყოს.

ვეკითხები ხელისუფლებას, მინისტრებს, თუ გაქვთ რეგულაციის დოკუმენტი, იქნებ ჩვენც მოგვაწოდოთ, რა იქნება მესამე ტალღის დროს, ისევ ხურავთ ბიზნესს? თავიდან პროცესი დაიწყო მკაცრი ჩაკეტვებით, ჩავკეტეთ საზოგადოება, ბიზნესი, მერე უცებ გავხსენით, მივიღეთ მძიმე ტალღა, ისევ დაიკეტა და ამ ქაოსური გახსნა-ჩაკეტვებით ჩვენ პრაქტიკულად დაღუპვის პირამდე მივიყვანეთ მცირე და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, მოუმზადებლობის შემთხვევაში ბიზნესი მესამე ტალღას ვერ გაუძლებს. „თუ მოემზადები - გაუძლებ, თუ არა და - ვერა. ამას ემატება კომენდანტის საათი, რომელიც საერთოდ რა საჭიროა, არ მესმის. ამ ყველაფერს სჭირდება დალაგება, გონივრულად გაწერა და შემდეგ ბიზნესისთვის მიწოდება, რომ ბიზნესმა განჭვრიტოს, როგორი ვითარება ექნება 2-3-4 თვის შემდეგ, თუნდაც ნებისმიერი ტალღის ჩაკეტვისა და გახსნის პირობებში, სხვანაირად გავანადგურებთ მცირე და საშუალო ბიზნესს და შეგვრჩება ცარიელი ბიუჯეტი“, - დასძინა ჭუმბურიძემ.

ის ასევე ფიქრობს, რომ ასეთი მცირე, მყიფე ეკონომიკის ქვეყანა ექსპერიმენტებს დიდხანს ვერ გაუძლებს და დიდი სირთულეები გვექნება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს დააანონსა, რომ 100 დღეში, ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას წარადგენს.