15.ოქტომბერი .2020 22:35

"არავინ ელოდებოდა, რომ ზრდის ტემპი იქნებოდა, თან ასეთი მაღალი" - ლაშა ქავთარაძე ექსპორტზე

views 386
უკან

„საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მლნ ლარი შეადგინა. ამავე დროს, გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტი 98,5 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება 2020 წლის იანვარი - სექტემბერის პერიოდს, სავაჭრო დეფიციტი 752.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა და 3,314.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მლრდ 121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.1%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები). ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას.

რას ფიქრობენ ანალიტიკოსები, საკითხის შესახებ bm.ge Galt&Taggart-ის ეკონომისტს, ლაშა ქავთარაძეს ესაუბრა:

„არავინ ელოდებოდა, რომ ზრდის ტემპი იქნებოდა და თან ასეთი მაღალი. ველოდებოდით, რომ ექსპორტის კლების ტენდენცია თანდათანობით შენელდებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზრდა დაფიქსირდა, ძალიან კარგია. ეს მიუთითებს, რომ ეკონომიკური გაჯანსაღება მიმდინარეობს. თუ შევხედავთ ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შენელება გვაქვს წინა თვეებშიც, ჩვენი პროგნოზითაც ველოდებით, რომ სექტემბერშიც ასე იქნება და წლის ბოლომდე დარჩენილ თვეებშიც. რაც შეეხება ექსპორტის ზრდას მომდევნო თვეებში, შეიძლება აქ კითხვის ნიშნები დავსვათ. რისკები მაღალია. რეგიონში სიტუაციაც არ არის კარგი, მაგრამ ფაქტია, რომ სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება გაგრძელდება, რაც ერთიანად, დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის მოლოდინი უკავშირდება იმას, რომ სექტემბერში მონაცემები გაიზარდა და 8.6%-იანი ზრდა დაბალი არ არის და მაჩვენებელი წლის ბოლომდე ნულთანაც რომ იყოს, მაინც პოზიტიურია.

კითხვაზე, რა მოხდება, თუკი ქვეყანა კვლავ ეკონომიკური "ლოქდაუნისკენ" წავა, ქავთარაძე პასუხობს, რომ ეს უმძიმესი დარტყმა იქნება.

„მთავრობა თვითონაც კარგად ხვდება, რა შედეგები მოაქვს ეკონომიკურ "ლოქდაუნს". მეორე კვარტალი მძიმე იყო ეკონომიკისთვის, ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ კორონას შემთხვევები მომატებულია, თუ მასშტაბური "ლოქდაუნი" გამოაცხადეს, ეს ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას. მე არ ველოდები, რომ მასშტაბური შეზღუდვები იქნება, ალბათ უფრო წერტილოვან ლოკალიზებებს უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა მან.