მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არც ბანკს უთქვამს, არც ოპოზიციას და ჩვენც გაგვეპარა" - ინიციატორი "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" ცვლილებებზე

63e4b433ae152
ინგა მურუსიძე, თელარა გელანტია
09.02.23 13:00
895
პარლამენტში ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით გრძელდება. საქმე ეხება ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა დაემატოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კრიტიკული კითხვები მოჰყვა. გარდა ამისა, „ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ საკმაოდ შენიშვნები ჰქონდა ეროვნულ ბანკსაც. შედეგად, საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი უყარეს, მაგრამ იმ დათქმით, რომ დამატებით ახალი - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი არ გაჩნდება და სებ-ის პრეზიდენტი არსებული სამი ვიცე-პრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა) ერთ-ერთს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნავს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, უმრავლესობის დეპუტატი პაატა კვიჟინაძე bm.ge-ს კითხვებს პასუხობს:

- რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც, შენიშვნების გათვალისწინებით მიიღეთ ცვლილებებით უკვე ინიცირებული კანონპროექტში?

- ჩვენი მიზანი არ ყოფილა ეროვნულ ბანკში რაიმე კუთხით ჩარევა და არც კანონი ითვალისწინებდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ყოფილიყო გაწერილი, ვინ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, თუკი პრეზიდენტი არ არის. ასეთი რამ აქვს გაწერილი ყველა უწყებას, მათ შორის აუდიტის სამსახურს, ცესკოს და ა.შ.

- რისკები დაინახეთ, რომ შესაძლოა პრეზიდენტი ვერ ავირჩიოთ ბევრი წელი, ან რამდენიმე თვე?

- ბევრი წელი არ მგონია, მაგრამ ფაქტია, რომ ცესკო-ს არ ჰყავს თავმჯდომარე, ასევეა იუსტიციის საბჭოში. სხვათა შორის, 12 რეკომენდაცია რომ მოგვცა ევროკავშირმა, პირველი დეპოლარიზაცია არის. მე ასეთ ვერ ვხედავ ბანკში და იმედი მაქვს, აირჩევენ.

- ამ დონის პოლარიზაცია დაინახეთ ეროვნული ბანკის საკითხთან დაკავშირებით?

- მე ჩამოგითვალეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, მაგრამ ეროვნულ ბანკში ამას არ ვუყურებ. ურთიერთობაშიც ვხედავ, რომ ეს საკითხები მოგვარდება. ჩვენ იმიტომ ვართ პარლამენტარები, რომ ყოველგვარი რისკი დავაზღვიოთ. ეროვნული ბანკი ეხება ყველა მოქალაქეს. 10%-იანი ეკონომიკური ზრდა რომ გვაქვს, ამისთვის ერთ-ერთი საკვანძო რგოლი ეროვნული ბანკია. ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ ეს გაწერილი არ ყოფილიყო, ერთადერთი ორგანოა ეროვნული ბანკი, რომელსაც ეს გაწერილი არ აქვს. ამიტომ ეს გავწერეთ. აღმოჩნდა, რომ შენიშვნები აქვს სებ-ს და გავითვალისწინეთ. არ ვართ მოწოდებული, რომ ძალით გავიტანოთ კანონი.

- საბოლოოდ... რომ შევაჯამოთ, როგორი სახით მიიღებს პარლამენტი ცვლილებებს?

- მე პირადად ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და ვარ, რომ როცა კონკრეტული პირი არჩეული არის გარკვეული ვადით თანამდებობაზე, იმას მერე უთხრა, რომ აღარ არის ამ თანამდებობაზე. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ შემოგვეტანა ეროვნულ ბანკში პირველი მოადგილის თანამდებობა. ამ სამიდან[ვიცე-პრეზიდენტიდან] ერთი რომ გამხდარიყო პირველი მოადგილე, თუ საბჭოს წევრს აირჩევდნენ, მაშინ შეიძლებოდა ვიღაცას თანამდებობა დაეკარგა, მაგრამ რადგან მათ აქვთ არგუმენტი სხვა პოზიციაზე, დავეთანხმეთ და კანონში ჩაიწერება, რომ ორი ვიცე-პრეზიდენტი იქნება და ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. გარდამავალი დებულებით განისაზღვრება, რომ ადამიანებს, ვისაც რამდენიმე თვეში ეწურებათ ვადა, ბოლომდე იქნება დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო სრულად ამის შემდეგ ამოქმედდება კანონი.

- როგორც ვიცით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტის შესარჩევად. შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების კანდიდატები ვერ დაემთხვნენ ერთმანეთს?

- ბანკის საბჭო არის აქ მთავარი. ანუ, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს წარუდგენს საბჭოს წევრობის კანდიდატურას, ჩვენ დავამტკიცებთ და ამის შემდეგ სებ-ის საქმიანობაში არანაირად არ ვერევით. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია.

- თქვენ ან თქვენს კოლეგა ირაკლი ზარქუას ასე უბრალოდ გაგახსენდათ რომ 2 მარტს მიდის კობა გვენეტაძე და ჩავიხედოთ ორგანულ კანონში რა წერიაო? საიდან გაჩნდა ეს კანონი?

- სამწუხაროდ, არც ბანკს უთქვამს, რომ ასეთი რამ იყო, არც ოპოზიციას და ჩვენც გაგვეპარა. ჯობდა, რომ ეს ცვლილებები მიღებული ყოფილიყო ნოემბერში.

- ვის გაახსენდა? მთავრობას?

- მაგას რა მნიშვნელობა აქვს... მთავრობას არა, ყველას გაგვახსენდა. როცა წამოიჭრა საკითხი, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, როგორ იქნება, დადგა ეგ თემაც.

- გაჩნდა რისკები, რომ ვერ იქნას არჩეული პრეზიდენტი?

- რისკები არ გაჩენილა, ასეთს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ რომ წარმოვიდგინეთ, რომ რაღაცეები არ არის არჩეული საქართველოში, და შეიძლება ეროვნულ ბანკშიც ასე მოხდეს, ეს დაუშვებელია. შესაძლებელია, ნელაც გავიაროთ ეს საკითხი, მაგრამ გვინდა დღეს დავასრულოთ, რომ ბატონ კობა გვენეტაძეს ჰქონდეს საშუალება, რომ წყნარად, მშვიდად შეძლოს დანიშნოს ვიცე-პრეზიდენტი.

- როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი?

- უნდა ესმოდეს ბანკის თემა და უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დაალაგოს ურთიერთობები სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე როგორც შიდა საქმეები.

- რამდენად აუცილებელია, რომ ის არ იყოს აფილირებული მმართველ ძალასთან? ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია.

- ზოგადად ალბათ სასურველია, მაგრამ დღეს მაღალი კლასის სპეციალისტები ძალიან ცოტაა, რომ არც ახლა იყოს მთავრობაში, არც ნამყოფი იყოს და თუ აირჩევა ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ჯობია. ხალხი უნდა ენდობოდეს.

- ნათია თურნავა თუ ლაშა ხუციშვილი?

- არ ვიცი არც ერთი და არც მეორე. სხვებმაც მკითხეს. ამხელა გამოცდილების ხალხია საბჭოში და მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან, უმრავლესობის წევრები პარლამენტში: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რამინა (რიმა) ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკის ვიცეპრეზიდენტებია: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა.

შეგახსენებთ, კობა გვენეტაძეს სებ-ის პრეზიდენტობის ვადა მიმდინარე თვეს ეწურება. ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს.