01.ივლისი .2022 22:45

"არის რისკი, რომ რუსეთმა სანქციების თავიდან არიდება საქართველოს გავლით სცადოს" - ალექსანდრე მარგიშვილი

"არის რისკი, რომ რუსეთმა სანქციების თავიდან არიდება საქართველოს გავლით სცადოს" - ალექსანდრე მარგიშვილი
views 746
უკან

Kudos Georgia-ს პარტნიორის ალექსანდრე მარგიშვილის მოსაზრებით, არის რისკი, რომ რუსეთმა სანქციების თავის არიდება საქართველოს გავლით სცადოს. როგორც მან "საქმის კურსში" განაცხადა, რაიმე ინციდენტის შემთხვევაში, კითხვები თუ გაჩნდა, ხელისუფლებამ აუცილებლად ღიაობით უნდა უპასუხოს.

"რისკები ცალსახად არსებობს და ვფიქრობ, ამ რისკებს ერთი მხრივ, მართვა და მეორე მხრივ, რეაგირება სჭირდება, რათა როცა რაიმე კითხვა დაისმება რაიმე ინციდენტთან დაკავშირებით, მისი გასაჯაროება შეიძლებოდეს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ამდენი კითხვა არსებობს როგორც ევროპელებისგან, ასევე ამერიკელებისგან, მხარს დავუჭერდი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადოს, რომ ჩვენი საბაჟო და ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო ორგანო იმდენად ღიაა, რომ ჩვენ მზად ვართ ევროპელ კოლეგებთან ერთად განვახორციელოთ პროცედურა. მოვიწვიოთ უბრალოდ ევროპელი კოლეგები და ქართველ კოლეგებთან, მებაჟეებთან და სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმუშაონ, რომლებიც ანგარიშების შედგენაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ანგარიშები უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ მინიმუმ კითხვების რაოდენობა შემცირდება და პასუხებიც უფრო სწრაფად გაიცემა. ჩრდილი, რომელიც ჩვენს რეპუტაციას აქვს მიყენებული, შეიძლება ნელ-ნელა შევამციროთ.

ამას უნდა დაემატოს, ჩემი აზრით, პროცედურების განმარტება საზოგადოებისთვის თუ როგორ ახორციელებს სახელმწიფო იმ მოქმედებებს, რომელზეც ამბობს, რომ ახორციელებს. მაგალითად ზოგადად სანქციების თემა რომ განვმარტოთ და პარალელური იმპორტის საკითხი, ჩვენ არ აგვიკრძალავს რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. ძირითადად პრობლემატური საკითხი არის იმ პროდუქციის რუსეთში შეტანა, რომელიც დასავლეთის მიერ აიკრძალა. რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს? საქართველომ შეიძლება ამ პროდუქციის იმპორტი ჩვენს ქვეყანაში განახორციელოს და შესაძლოა (რისკის დონეზე ვამბობ ) შემდეგ ეს პროდუქცია რუსეთში გავიდეს ისე, რომ არც მწარმოებელ კომპანიას, არც სასაქონლო ნიშნებზე უფლების მქონე კომპანიას და არც იმ სახელმწიფოს, საიდანაც შემოვიდა ჩვენთან ეს პროდუქცია, თანხმობა არ ექნება გაცხადებული იმაზე, რომ საბოლოოდ ეს პროდუქტი რუსეთში აღმოჩნდეს.

ტექნიკურად ამის საშუალება არის. ჩვენი სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ასეთი რამ არ ხდება და კონტროლდება მაქსიმალურად, მაგრამ როგორ კონტროლდება, რა ღონისძიებებს ატარებენ?!", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სანქცირებული რუსული ტვირთი, რომელიც თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს "ესენკას" გადაჰქონდა, ბათუმის პორტში შევიდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კი განაცხადა, რომ საქართველომ სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გააბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა