მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის საფრთხე, რომ რუსეთზე დამოკიდებულები გავხდეთ" - "ფერმერთა ასოციაცია" ხახვის იმპორტზე

6450aad4edda1
ლიკა მეგუთნიშვილი
02.05.23 22:15
906
2022 წლის I კვარტალში ხახვი თითქმის მთლიანად თურქეთიდან შემოვიდა, წელს I კვარტალში თურქეთის წილი, მკვეთრად 99.8%-დან 12.3%-მდე შემცირდა, რუსეთისა კი ასევე მკვეთრად - 0-დან 59%-მდე, გაიზარდა.

როგორც დარგის წარმომადგენლები განმარტავენ, გარემოება, რომ თურქეთიდან ექსპორტის შეზღუდვის შემდეგ რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა, უჩვენებს, რომ საქართველო, მსგავსი სცენარის კვლავ განვითარების შემთხვევაში, ხახვის იმპორტითაც შეიძლება სრულად რუსეთზე დამოკიდებული გახდეს.

"მას შემდეგ, რაც თურქეთიდან ხახვის ექსპორტი შეიზღუდა, რუსეთი გამოჩნდა მომწოდებლად ამ პერიოდში, აქედან გამომდინარე, გაჩნდა იმის საფრთხე, რომ ხახვის იმპორტის თვალსაზრისითაც, რუსეთზე გავხდეთ დამოკიდებული. ეს საშიშროება ყოველთვის არის", - აცხადებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი.

ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, სპეციალისტები ერთადერთ გამოსავლად, ადგილობრივი წარმოების განვითარებას მიიჩნევენ, რისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყანაში სასაწყობე და შემნახველი მეურნეობების განვითარებაა.

"თუ გადავხედავთ იმპორტის მოცულობებს, რუსეთიდან შემოტანილი ხახვის მოცულობა პირველ ადგილზეა, შემდგომ მოდის აზერბაიჯანი. რა თქმა უნდა, ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და მითუმეტეს ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია - საკმაოდ ცუდია. ერთადერთი გამოსავალი, ადგილობრივი წარმოების განვითარებაა და ამაზე უნდა იზრუნონ როგორც ფერმერებმა, ასევე შესაბამისმა უწყებებმა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ქვეყანაში ლოჯისტიკური და შემნახველი მეურნეობების განვითარება, სადაც მაღალხარისხიანი პროდუქციის შეფუთვა და შენახვა მოხდება იმ სტანდარტების დაცვით, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა. ქვეყანაში იმ ტექნოლოგიის არსებობა, რითაც ფერმერები პროდუქციას შენახვას შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით შეძლებენ, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ხილისა ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, , მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 2 მილიონ 731 ათასი დოლარის ღირებულების 7 220 ტონა ხახვი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს ღირებულებით მცირედით 11.2%-ით აღემატება, ხოლო მოცულობით 6.7%-ით ჩამორჩება.