მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არქი": დაწყებული ობიექტების დასრულებას საფრთხე არ ემუქრება

5e860f24b572c
თათია ჩაფიჩაძე
02.04.20 20:37
1206
„სამშენებლო სექტორი მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად საჭიროებს დახმარებას“ - ამის შესახებ კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი აცხადებს. მისივე თქმით, სექტორს 2-3 თვიან პერიოდში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების რესურსი აქვს.

„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას ხეცურიანმა 2008 წელთან პარალელიც გაავლო და განაცხადა, რომ დღეს სექტორი უმეტესად საკუთარი რესურსით, მაღალი სტანდარტით და რეალური ფასებით მუშაობს, რაც მათ დაწყებული ობიექტების დასრულების საშუალებას აძლევს.

„დღეს არავინ იცის როგორ განვითარდება სიტუაცია, ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც გაუგებრობაა. ამიტომ რამდენიმე სცენარს განვიხილავთ. თუ სიტუაცია 2-3-თვიან პერიოდში გამოსწორდება, მაშინ ეს უძრავი ქონების სექტორს არ დაეტყობა. ჩვენი კომპანია ფინანსურად მდგრადია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამსახურს და ხელფასს, ასევე ვიცით, რომ ბევრი კომპანიაც ასევე ფიქრობს.

სამშენებლო სექტორი მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად საჭიროებს დახმარებას, გვესმის, რომ უფრო ტურიზმის სექტორია დასახმარებელი და ამ სფეროებში მომუშავე ადამიანებს უნდა შევუნარჩუნოთ სამსახური.

ჩვენი მშენებლობებები მიმდინარეობს. არსებული ფინანსური რესურსი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა მშენებლობა, რომელიც დაწყებულია, დავასრულოთ. შესაბამისად რისკი იმისა, რომ არ დასრულდება, არ არსებობს. რაც შეეხება დათქმულ ვადებში ჩაბარებას, ეს დამოკიდებული იქნება რეგულაციებზე, რომელსაც მთავრობა და სამედიცინო სექტორი მიიღებს. თუ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, დათქმული ვადით დავასრულებთ.

2008 წლის ფინანსურ კრიზისს არ შევადარებ არსებულ გამოწვევებს, მაშინ 3-4-ჯერ უფრო ძვირად ყიდდნენ, რის გამოც ფასის კლება 35%-იანი იყო. ამის რესურსი დღეს არ არის, თვითღირებულება გაიზარდა, სტანდარტი გაიზარდა, როგორც მშენებლობის, ისე მენეჯემენტის. თუ სიტუაცია გამოსწორდება 2-3 თვეში, მაშინ ფასის მხრივ არანაირ კლებას არ ვვარაუდობთ.“ - განაცხადა ხეცურიანმა.