მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსი" - “ეროვნული ბანკის ქმედებები მთავრობამ უნდა დააბალანსოს”

6039dc0b9e794
ანა ჯოხაძე
28.02.21 22:17
869
“ეროვნული ბანკის ქმედებები მთავრობამ უნდა დააბალანსოს”- ამის შესახებ BM.GE-თან სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთაიძემ განაცხადა.

ორთოიძე ერთ-ერთი იყო სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებიდან, რომელიც იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას ითხოვდა. ამ საკითხზე იყო აქტიური შეხვედრები კომერციულ ბანკებთანაც, თუმცა საბოლოო ჯამში პროგრამა არ გაგრძელდა. "არსის" გენერალური დირექტორი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ კობა გვენეტაძეს პასუხობს, რომლის განცხადებითაც, თუ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდებოდა, მაშინ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოუწევდა. ბესო ორთოიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები მთავრობის გუნდმა უნდა დააბალანსოს, რაც ძირითად შემთხვევაში არ ხდება.

“ყველამ ვიცით, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია არის, რომ ლარი იყოს მყარი და ინფლაცია აკონტროლოს. სამწუხაროდ, მეტი არაფერი არ აინტერესებს ეროვნულ ბანკს. ის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, ბევრი ბინა გაიყიდოს, სესხი გაიცეს ეს უკვე მის ინტერესებს სცდება. არადა თუ ჩავუღრმავდებით, ეს ყველაფერი ლარის კურსზე და ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეროვნული ბანკის პირდაპირი ფუნქცია – რომ ეკონომიკა გაიზარდოს არ არის, ამიტომ სახელწმიფოს სხვა უწყებებმა გარკვეულწილად უნდა დააბალანსონ ეროვნული ბანკის ეს პოზიცია და უნდა იზრუნონ ეკონომიკის გაზრდაზე, გაჯანსაღებაზე, თუმცა, ისინი არ უწევენ სათანადო ოპონირებას და ეს ბალანსი დარღვეულია”-აცხადებს კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.

მისივე განმარტებით, თუ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა არ გაგრძელდება, სამშენებლო კომპანიებს არამარტო სამომავლო, არამედ მიმდინარე პროექტების დაპაუზება მოუწევთ. ეს პროცესი კი მისი თქმით, უკვე დაწყებულია.

“უკვე წინასწარ გვესმის მოსაზრებები – იგივე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა განმარტება, რომ პირველ კვარტალში, იმის გამო, რომ იანვარი პასიური თვეა – შემცირდებოდა უძრავი ქონების გაყიდვა. შემცირება იქნებოდა თებერვალშიც და მარტშიც, იმიტომ რომ სუბსიდირების გამო კომპანიებმა ბევრი ბინა გაყიდეს და მოთხოვნა შემცირებული იქნება. ახლა დაველოდებით კიდევ სამი თვე, ამასობაში რამდენიმე კომპანია გაკოტრდება, მივიღებთ მძიმე სოციალურ ფონს და მერე სახელმწიფოს გაცილებით ძვირი დაუჯდება ამ ყველაფრის მოგვარება. დღესაც ვხედავთ, 2008 წლის კრიზისის შედეგებს. 13 წელი გავიდა და პრობლემები მოუგვარებელია. ახლა რომ პრობლემები შეიქმნას კიდევ 10 წელი უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა, როცა შეგვეძლო, რომ გარკვეული გადაზღვევით დავხმარებოდით სექტორს და არ მიგვეღო ეს სურათი”- ამბობს კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.

ცნობისთვის, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, რომელიც 2020 წელს დასრულდა, სულ 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 827 მილიონი ლარი იყო.