მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსი": თუ მთავრობა სესხების სუბსიდირებას არ გააგრძელებს, მშენებლობებს დავაკონსერვებთ

5fe37984c1920
ანუკა ჯოხაძე
24.12.20 00:30
1734
“თუ მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას არ გააგრძელებს მიმდინარე მშენებლობებს დავაკონსერვებთ”, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია "არსის" გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განუცხადა.

როგორც ორთოიძე ამბობს, აღნიშნული მექანიზმი სექტორს დაეხმარა, ხოლო მისი გაგრძელების შემთხვევაში როგორც კერძო სექტორი, ისე თავად სახელმწიფო მოგებაშია, რადგან ამ სექტორის დაფინანსება ფინანსურად კარგი ინვესტიციაა. ორთოიძე აცხადებს, რომ დეველოპერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციას უკვე აწარმოებენ კომერციულ ბანკებთან.

“მას შემდეგ რაც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა გამოცხადდა, ჩვენმა კომპანიამ პანდემიის პერიოდში მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება ახალი პროექტი დაგვეწყო - შენი სახლი სამგორში. ამ პროექტის პირველი სახლი უკვე სრულდება, გაყიდული ბინების 90% სუბსიდირებით გაიყიდა. სულ 17 კორპუსი უნდა აშენდეს. თუ მთავრობა იტყვის, რომ სუბსიდირება არ გრძელდება, პირველ კორპუსს დავასრულდებთ, ეზოს და პარკინგს მოვაწყობთ და აღარ გავაგრძელებთ, იმ 16 კორპუსს დავაკონსერვებთ.

რამდენიმე მილიონი კიდევ უნდა ჩაიდოს და დაახლოებით 200 ადამიანზე მეტია მარტო ამ ერთ ობიექტზე დასაქმებული. ესაა მარტივი მაგალითი იმის, მთავრობის სწორი გადაწყვეტილებით რას იღებს ბიზნესი და რას ეკონომიკა”, - განაცხადა "არსის" გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 2020 წლის 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იყო და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს. სუბსიდირება ეხება ყველა იმ პირს, ვინც ბანკს შესაბამისი მოთხოვნით 2021 წლის 1 იანვრამდე მიმართავს.