მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასე ნამდვილად დავშორდებით ევროკავშირს" - რა რისკებს ხედავენ EUGBC-ში

612f586610b0a
ინგა მურუსიძე
01.09.21 15:53
1339
„საშიშროების წინაშე ვართ, რომ EU-მ ერთგვარი დისტანცირება დაიჭიროს“ - ასე აფასებს bm.ge-სთან საქართველო - ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას - უარი თქვას ევროკავშირის 150 მლნ ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის - 75 მლნ ევროს მიღებაზე.

მართალია, „ოცნების“ ხელისუფლების წევრები ირწმუნებიან, რომ უარის მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული მილიარდი ლარია და ასევე მიზანი, შეამცირონ ქვეყნის საგარეო ვალი, მაგრამ ფაქტია, EU-ს მაკროეკონომიკური ტრანში 2021 წლის 30 სექტემბრამდე იმ შემთხვევაში გადმოირიცხებოდა, თუ საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო. მათ შორის იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება. „პატივს ვცემთ რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის მდგრადობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, - განაცხადეს გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის პასუხად.

სანდო ჭუმბურიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან მიმართებით განცხადებების კეთებისას და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მეტი ყურადღება მართებთ.

„საკითხს მხოლოდ ერთი, საკრედიტო ტრანშის მიღების კონტექსტი არ აქვს, ეს არის მთელი 30-წლიანი მცდელობა ჩვენი ქვეყნის, რომ დაახლოვდეს ევროკავშირის სივრცესთან. ყველა ის პროგრამა, ფინანსური თანამშრომლობის, არის საერთო თანამშრომლობის კონტექსტი და ეს ნურც ხელისუფლებას და ნურც ჩვენს მოქალაქეებს ნუ დაავიწყდებათ. პირდაპირ ვამბობ ერთ რამეს - მთავრობას მართებს, ძალიან ფრთხილად შეაფასოს ევროპასთან განვითარებული თანამშრომლობის ეს პროცესი. თუ 150 მილიონიან ტრანშს მოვაწერეთ ხელი, რომლის ნახევარი ახლა უნდა ჩამორიცხულიყო, ეს იყო განსაზღვრული სასამართლო რეფორმებისთვის. რეფორმა პრაქტიკულად არ გატარდა. ცუდია, როცა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი შეფასებები კეთდება, როგორიც დღეს არის“, - განაცხადა ჭუმბურიძემ და ხელისუფლებას კიდევ ერთი რჩევა მისცა.

„უნდა დაეკითხონ ექსპერტებს - მათ, ვინც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა მთავრობაზე უკეთესად იციან და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ასე ჩვენ ნამდვილად დავშორდებით ევროკავშირს, რაც ძალიან არასასურველია“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ამასთან, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ხელძღვანელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროკავშირის ოჯახის წევრობა ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გადაწყვიტა და ამის გადახედვის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც განცხადებების კეთების, რომ თითქოს ჩვენ ახლა არ გვჭირდება EU-ს ფინანსური დახმარება და ა.შ.

BM.ge-ის კითხვას - იგრძნობა თუ არა, რომ ახლა ქართველი ხალხის ნების გადახედვას აქვს ადგილი, სანდრო ჭუმბურიძე ასე პასუხობს: „ნებსით თუ უნებლიედ, საკითხის არცოდნით თუ ურთიერთობის გამიზნულად გართულებით, საშიშროების წინაშე ვართ, რომ ევროკავშირმა ერთგვარი დისტანცირება დაიჭიროს ჩვენგან; მეტი სიფრთხილე, საკითხის მეტად გულდასმით შესწავლა არის საჭირო და ამის მიხედვით შემდგომში განცხადებების გაკეთება, რადგან არავინ იცის, იმ 75 მლნ-თან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ საფინანსო ინსტიტუტები. შეიძლება მათ თავად ეთქვათ უარი, ვინაიდან პირველად გამოყოფილი 75 მლნ ევრო უშედეგოდ გაიხარჯა“.

რაც შეეხება იმას, რამდენად რეალისტურია საქართველოს მთავრობის გეგმა - ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანოს, სანდო ჭუმბურიძე ამბობს, რომ საჭიროა, მეტი თანამშრომლობა ევროკავშირთან და მუდმივი აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

„მარტივი სქემაა - გინდა თანამშრომლობა ევროპასთან? - ითანამშრომლე იმ წესების დაცვით, რომელსაც გთავაზობს ევროკავშირი, შენ შენიც უნდა შესთავაზო, თუმცა უნდა იმართებოდეს მუდმივი კონსულტაციები, უნდა იყოს მუდმივი აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმი ევროკავშირთან, რათა არ ჩავვარდეთ უხერხულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა EUGBC-ის ხელმძღვანელმა.