13.სექტემბერი .2019 20:32

"აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი პოზიტიურად დასრულდა"

views 579
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სოციალურ ქსელში Facebook თავის პერსონალურ გვერდზე შეაჯამა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა. ვიზიტის დროს გაიმართა სამუშაო ფორმატის შეხვედრები United და Delta Airlines-ის სათაო ოფისებში ავიაკომპანიების Network planning-ის მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ.

“მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება პოზიტიურად შევაჯამოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი. მათ ვისაც ავიაციის ინდუსტრია ესმით და აქვთ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება, დაგვეთანხმება რომ წარმატებული პირველი შეხვედრის შედეგი ასეთია - საქართველოსადმი ინტერესი გაჩენილია, ორივე ავიაკომპანია იწყებს მიღებული ინფორმაციის საფუძვლიან შიდა ანალიზს და დაიგეგმება მათი ვიზიტი საქართველოში საავიაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ადგილზე შესასწავლად,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა თავის პოსტში.

„ამერიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება არც თუ ისე იოლი ან სწრაფი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ამბიცია იყოს პირველი რეგიონში და საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოიყვანოს ამერიკული, ე.წ. Legacy Carrier როგორიც არის Delta ან/და United Airlines. ამიტომაც შეხვედრები, რაც კეთდება, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - შედეგს და პროცესების დაჩქარებული ვადებით მართვას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებაში დიდი პოზიტივის მატარებელია ის აქტივობები, რასაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სფეროს განსავითარებლად ახორციელებს,“ - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა