22.აპრილი .2021 21:22

"ათწლიანი გეგმა კი არა, ზეგ რა იქნება, იმის დაგეგმვა უფრო მნიშვნელოვანია" - რატიშვილი

"ათწლიანი გეგმა კი არა, ზეგ რა იქნება, იმის დაგეგმვა უფრო მნიშვნელოვანია" - რატიშვილი
views 337
უკან

გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი, ალექსანდრე რატიშვილი პრემიერის ინიციატივას და ქვეყნის განვითარების ათწლიანი ეკონომიკურ გეგმას აფასებს.

ეკონომიკის გრძელვადიანი გეგმის წარდგენაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ პარლამენტში ახალი მთავრობის და სამთავრობო პოლიტიკის წარდგენისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის 10-წლიანი განვითარების გეგმა 100 დღეში მომზადდებოდა.

გასული თვის დასაწყისში მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო კომისია განვითარების გეგმის პირველ დოკუმენტს მაისისთვის წარადგენს.

„დიდი ენთუზიაზმით ამ იდეის მიმართ არ განვეწყე და ეს ჩემი ბრალი არ არის და არც არავის ბრალი არ არის იმიტომ, რომ ამ ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა და ყველა მთავრობისგან რაღაც მსგავსი ტიპის განცხადება მოსმენილი გვაქვს. ზოგს ათწლიანი გეგმა ჰქონდა, ზოგს 25-წლიანი, ზოგს 4პუნქტიანი გეგმა ჰქონდა, ზოგიერთებს 10პუნქტიანი, ახლა გამოცხადდა 10წლიანი გეგმა. იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები მსოფლიოში და საქართველოში, ათწლიანი კი არა ზეგ და მაზეგ რა იქნება, იმის დაგეგმვა უფრო მნიშვნელოვანი მგონია. ამასთან სტრატეგიული ხედვით თუ შევხედავთ, ყველა თავის მომავალზე მაფიქრალ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს გარკვეული სტრატეგიული განვითარების გეგმა.

არ მაქვს დიდი იმედი, რომ ამ ათწლიან გეგმას დიდი შედეგი და სერიოზული პერსპექტივები ექნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის სტრატეგიული დაგეგმვის გარეშე ქვეყანა ფონს ვერ გავა“, - აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.