15.სექტემბერი .2020 12:47

"აუცილებელია, ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივ ნორმებში კომპონენტების დამატება" - BAG

views 300
უკან

საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის კუთხით განხორციელებული ცვლილებების პარალელურად, აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპონენტების დამატება, - ამის შესახებ BAG-ის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, შემდგომი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება დაწესებულ ხარისხობრივ სტანდარტებზე მუდმივი დაკვირვება და კონტროლი.

ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ აღსრულების მექანიზმების ეფექტურობის ამაღლება და მათი სრულყოფის აუცილებლობა ასევე ეხება სულ ახლახანს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ძალისხმევით მიღებულ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული ნავთობპროდუქტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას.

„ბენზინის და დიზელის საწვავზე დღეს მოქმედი ხარისხობრივი ნორმები მხოლოდ 4 (ოთხი) საკონტროლო კომპონენტით შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საწვავის ხარისხის სრული სპექტრით შემოწმებას და მისი შესაბამისობის დადგენას ევროპულ სტანდარტებთან.

სამართლებრივი კუთხით აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილებით ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებს დაემატოს მინიმუმ რამოდენიმე კომპონენტი.

ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი პროგრესული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ეფექტური აღსრულება პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან და შესაბამისად თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობასთან.

იმედი გვაქვს, რომ ხარისხობრივ ნორმებში რამოდენიმე კომპონენტის დამატებაზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც, ბუნებრივია, ჩაითვლება როგორც ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - ნათქვამია BAG-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა