17.მაისი .2021 22:58

"ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნების სურვილი იზრდება"

"ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნების სურვილი იზრდება"
views 254
უკან

გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესი შეაფასა და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე უკვე დაგეგმილ და მოსალოდნელ ფრენებზე ისაუბრა.

ალექსანდრე გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბრუნების თუ ახალი მიმართულებებით ოპერირების დაწყების სურვილი იზრდება:

„დღევანდელი დღიდან ავიაკომპანია “Flynas” უბრუნდება საავიაციო ბაზარს, ახალმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა „Bees Airline”-მა და “Fly Arystan”-მა დაიწყეს საქართველოს მიმართულებით ფრენები, ფინალურ ეტაპზეა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და სულ მალე ავიაკომპანია “Eurowings”-ი მიიღებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვას დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით, აქტიური კონსულტაციის რეჟიმში ვართ “Gulf Air”-თან და “Jazeera Airways”-თან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საქართველოს ბაზარზე დაბრუნების სურვილი. პირველად, ავიაკომპანია “LOT”-ი ვარშავიდან ბათუმის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს, ავიაკომპანია “Air Astana”-მ კი, ბათუმის მიმართულებით დაიწყო ფრენები. ყოველკვირეულ რეჟიმში ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ავიაკომპანიები უფრო და უფრო მეტი ინტენსივობით გამოხატავენ საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბრუნების თუ ახალი მიმართულებებით ოპერირების სურვილს.

სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა საავიაციო ბაზარზე დაფიქსირებულ დადებით დინამიკას, რომელიც რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას და სასაზღვრო რეგულაციების შემსუბუქებას მოჰყვა. მისი თქმით, დამტკიცებული სიხშირეების ათვისება ავიაგადამზიდველების მიერ აქტიურად მიმდინარეობს. „საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასაზღვრო რეგულაციების ეტაპობრივმა შემსუბუქებამ. დღესდღეობით 47-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ უარყოფითი PCR ტესტის საფუძველზე გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი. ამასთან, ვაქცინირებულ პირებზე მოგეხსენებათ რომ შეზღუდვა არ არის და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში შემოსვლა. შედეგად, თუ 2021 წლის 1 თებერვლამდე მხოლოდ 9 ავიაკომპანია ასრულებდა სამგზავრო ფრენებს, დღეს ეს რიცხვი უკვე 26-მდეა გაზრდილი. 1 თებერვლამდე 11 პირდაპირი მიმართულებით გვქონდა ფრენები, მაშინ, როდესაც დღეს უკვე 62 საერთაშორისო მიმართულება გვაქვს ათვისებული. რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის სრულად მოხსნამდე, 23 სიხშირით სრულდებოდა ფრენები საქართველოს აეროპორტებიდან, დღეს კი კვირაში 295 სიხშირე გვაქვს დამტკიცებული, რომელთა ათვისებაც აქტიურად მიმდინარეობს.“ - განაცხადა გადაცემაში სტუმრობისას ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონი აქტიურად დაიწყო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ტემპები წინასწარ საპროგნოზო მაჩვენებლებს უკვე აღემატება:

„ზაფხულის სანავიგაციო სეზონი საკმაოდ დიდი აქტივობით დაიწყო. როდესაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესი ძალას იკრეფდა, ვვარაუდობდით რომ საწყის ეტაპზე 2019 წლის საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებლებს 40%-ით დავუბრუნდებოდით, რაც იქნებოდა საკმაოდ კარგი შედეგი, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა და ამ ეტაპზე, ავიაკომპანიების და მათი ფრენის სიხშირეების რაოდენობის კუთხით უკვე ასულები ვართ 2019 წლის საჰაერო მიმოსვლის 50%-დან 55%-მდე მაჩვენებელზე, რაც არის საკმაოდ იმედისმომცემი ტენდენცია“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა