25.სექტემბერი .2020 16:02

"ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის დამტკიცებას პარლამენტმა საშველი ვერ დაადგა“ - ნინო კობახიძე

views 711
უკან

სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას მეორე წელია ელოდება. ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ არ დაწყებულა და, სავარაუდოდ, მასზე მსჯელობა ახალ პარლამენტს მოუწევს.

„ავტომფლობელთა მესამე პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამდენი წელია უფრო მეტად არის აღქმული პოლიტიკურ კონტექსტში და პარლამენტმა ვერა და ვერ დაადგა საშველი ამ გადაწყვეტილების მიღებას. არადა გარდაუვალია. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ვართ ვალდებული, მისი მიღება 2021 წლის ბოლომდე მოხდეს. იმედი მაქვს, ახალი პარლამენტი მიხვდება რამდენად იცავს მოქალაქეს ამ პროდუქტის სავალდებულო შინაარსად ჩაშვება და რამდენად ეხმარება თითოეულ ავტომფლობელს. სანამ დაიწყებოდა პანდემიის პერიოდი, შეთანხმებებზე ვიყავით გასული თუ როგორ უნდა მომხდარიყო გაყიდვები, რა ფასი ყოფილიყო და ა.შ თუმცა კორონამ რადიკალურად დაამძიმა სიტუაცია და გადაისროლა ეს ვალდებულება ერთი წლით", - აცხადებს Global Benefits Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო კობახიძე.

თავის მხრივ, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ავტომფლობელთა მესამე პირთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება.

"ადვილი კანონი არ არის, მაგრამ ბევრი საკითხი გავლილია და როცა ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ჩამოყალიბდებიან კომიტეტები, განვაახლებთ ამ თემაზე მუშაობას და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და დაგეგმავს, თუ როდის მოხდება კანონისპროექტის გატანა“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.