მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში" 60-მდე ექსპორტიორ კომპანიაზე ინფორმაციას არ ფლობს - ხარვეზები, რაზეც აუდიტი წერს

622c3116594a8
ელენე გოგბერაშვილი
12.03.22 10:12
999
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ქმედითია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ღონისძიებები ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

აუდიტის პერიოდი მოიცავს 2018 წლიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდს. ანალიტიკური მიზნებისთვის, ასევე ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფორმულირებისას გათვალისწინებულა 2021 წლის ბოლომდე პერიოდი.

აუდიტი აღნიშნავს, რომ ექსპორტის მხარდამჭერი სააგენტოს ფუნქციებში უნდა შედიოდეს კომპანიებისა და პროდუქტების კატეგორიების საინფორმაციო პროფილების შედგენა, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში, გაუზიარებს პოტენციურ უცხოელ მყიდველებს. აუდიტი სწორედ ამ მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებზე წერს.

კერძოდ, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" კომპანიების შესახებ ინფორმაციას აგროვებს ორი საშუალებით: 1) პორტფელის მენეჯერების მიერ ბაზების წარმოების და 2) პლატფორმა tradewithgeorgia.com-ზე კომპანიების რეგისტრაციის გზით.

აღსანიშნავია, რომ  პორტფელის მენეჯერები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით 2020 წლამდე აგროვებდნენ/აახლებდნენ კომპანიების შესახებ ინფორმაციას. 2020 წლის ბოლოდან კი სააგენტოს განცხადებით, ინფორმაციის მოძიების მთავარ წყაროს  ექსპორტიორთა პლატფორმა:tradewithgeorgia.com წარმოადგენს, თუმცა აუდიტის პერიოდში კომპანიებთან კომუნიკაცია სააგენტოს ბაზებში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდებოდა.

"2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ბაზებში ჯამურად წარმოდგენილი იყო ინფორმაცია 549 კომპანიის შესახებ, ხოლო პლატფორმაზე რეგისტრირებული იყო 516 კომპანია. აღსანიშნავია, რომ პლატფორმასა და ბაზებში უმეტესად განსხვავებული კომპანიები
იყვნენ წარმოდგენილნი. ბაზებში ასახული კომპანიების მხოლოდ 32% (178 კომპანია) იყო რეგისტრირებული პლატფორმაზე, რაც ნიშნავს, რომ პლატფორმაზე რეგისტრირებული კომპანიების ნახევარზე მეტი ვერ მოიძებნა სააგენტოს ბაზებში".

შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები:

• სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას ექსპორტიორი კომპანიების ნაწილზე − სულ მცირე, 58 კომპანიაზე;
• კომპანიების შესახებ მოგროვებული ინფორმაცია არაერთგვაროვანია. ამასთანავე, სააგენტო კომპანიების ნახევარზე ფლობს მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციას.


ადგილობრივ ექსპორტიორთა რაოდენობა, რომლებიც სააგენტოს არ აქვს დაფიქსირებული ბაზებში, პროდუქტების მიხედვით:



აუდიტის ანგარიშის თანახმად, სააგენტოს ბაზებში აღრიცხულია პროდუქტის 423 ადგილობრივი ექსპორტიორი, ხოლო აუდიტის ჯგუფის მიერ დამატებით იდენტიფიცირდა 58 ექსპორტიორი კომპანია.

აუდიტის ჯგუფმა ასევე შეძლო 76 ღვინის ექსპორტიორი კომპანიის იდენტიფიცირება, რომლებიც არ იყვნენ აღრიცხული სააგენტოს ბაზებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ღვინის სექტორი არ არის სააგენტოს საქმიანობის პირდაპირი დაფარვის სფერო (ღვინის სექტორის მხარდაჭერასა და განვითარებაზე პასუხისმგებელია სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტო), აღნიშნული მონაცემი ანალიზში აუდიტის ჯგუფმა არ გაითვალისწინა.

"შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტოში კომპანიების შესახებ არსებული ინფორმაცია არაერთგვაროვანია და განსხვავდება სექტორების/ პროდუქტების კატეგორიების მიხედვით...

სააგენტო, ბაზებში ასახული კომპანიების ნახევარზე ფლობს მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციას და არ გააჩნია ინფორმაცია შემდეგ პარამეტრებზე: ექსპორტის განხორციელების სტატუსი, სერტიფიკატების ფლობა, საწარმოო სიმძლავრეები და ა.შ.

ამასთანავე, კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოძველებულია და არ ხდება მისი განახლება. მაგალითად, ბაზებში წარმოდგენილია არაფუნქციონირებადი კომპანიები, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია არასწორია. 200 კომპანიიდან, რომელთანაც დაკავშირება სცადა აუდიტის ჯგუფმა, 14 კომპანია აღარ ფუნქციონირებდა, ხოლო 7 შემთხვევაში არასწორი ნომერი იყო მითითებული"-ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პლატფორმაზე: Tradewithgeorgia.com კომპანიების შესახებ ინფორმაცია ყველა პროდუქტისათვის ერთნაირად ივსება და პლატფორმაზე არ არის თავმოყრილი კრიტერიუმით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია (მაგალითად, ფასების, წარმოების მოცულობისა და შესაძლებლობის შესახებ), ასევე განახლებას საჭიროებს კომპანიების მიერ შევსებული ინფორმაციის ნაწილი.

"გამოვლენილი ნაკლოვანებები შეაფერხებს სააგენტოს მიერ ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას. მაგალითად, სააგენტო ყველა შესაფერის კომპანიას ვერ მიაწვდის ინფორმაციას უცხო ქვეყნიდან კონკრეტული პროდუქციის შესყიდვის შესახებ შემოსულ მოთხოვნაზე.

აღნიშნულის საილუსტრაციოდ აუდიტის ჯგუფმა განიხილა სააგენტოში საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით შესული უცხო ქვეყნის კომპანიის მოთხოვნა. სააგენტომ ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ბაზებში რეგისტრირებულ 210-მდე კომპანიას, ხოლო იმის გამო, რომ სააგენტო არ ფლობდა ინფორმაციას ამავე სექტორში მოქმედ 50-მდე კომპანიაზე, მოთხოვნის შესახებ დეტალები ამ კომპანიებს ვერ მიეწოდა"-წერს აუდიტი და თვლის, რომ სააგენტოს ბაზები სრულად უნდა ჩანაცვლდეს პლატფორმის: tradewithgeorgia. com ბაზის საშუალებით, რაც გაცილებით მეტი და უკეთესი ხარისხის ინფორმაციის შეგროვებას უზრუნველყოფს, თუმცა ამისათვის საჭიროა სააგენტოს სამიზნე კომპანიების უმეტესობა დარეგისტრირებული იყოს პლატფორმაზე.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 2020 წლის დასაწყისიდან არსებითად გაიზარდა (120 კომპანიიდან 516 კომპანიამდე), თუმცა სააგენტოს ბაზებში აღრიცხული კომპანიებიდან 350-ზე მეტი, პლატფორმაზე დარეგისტრირებული არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ კმაყოფილების კითხვარების შედეგების მიხედვით, რომელიც ეგზავნება სააგენტოს ორი ძირითადი სერვისით მოსარგებლე კომპანიებს, სააგენტოს საქმიანობა გამოფენებისა და სასერტიფიკაციო კურსის ორგანიზების მიმართულებით დადებითად ფასდება.