მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში" ეცდება გაარკვიოს, რატომ არ ჰყავს ბენეფიციარი საგარანტიო სქემას

5df78fdfa6602
დავით ჯალაღონია
17.12.19 10:15
1812
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდრელი კომერციულ ბანკებთან და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებთან აპირებს გაარკვიოს, სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო სქემას მომხმარებელი დღემდე რატომ არ ჰყავს.

საქმე იმაშია, რომ ეს სქემა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, მიმდინარე წლის 29 მარტს ამოქმედდა. მისი მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებაა, რაც პროგრამის ავტორების მტკიცებით, ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს. პროგრამის ამოქმედებიდან თითქმის რვა თვეზე მეტი გავიდა.

"საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან არის ორგანიზებული, აქტიურია ეს პროგრამა. ბანკების მხრიდან ხდება პროგრამის ადაპტირება. ზოგადად, ასეთი ტიპის მექანიზმი არის ახალი და მას ადაპტირება სჭირდება, როგორც ბანკის, ისე კერძო სექტორის მხრიდან.

ჩვენი მხრიდან, მექანიზმი ამუშავებულია. ბანკებს ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი აქვთ და იმის გამი, რომ აქტივობა დაბალი იყო ამოქმედებიდან პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ახლა ვმუშაობთ ბანკებთან და კერძო სექტორთან, რომ მოვიკვლიოთ ამის კონკრეტული მიზეზები და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე, მეტი ბენეფიციარი ჰყავდეს ამ პროგრამას", - განმარტა მიხეილ ხიდურელმა BM.GE-ისთან საუბრისას და დასძინა, რომ სააგენტო პროგრამის დასახვეწად სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან აქტიურ მუშაობას აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის, ჯერჯერობით, უმოქმედობასთან დაკავშირებით შენიშვნები მთავრობასთან პარლამენტშიც აქვთ. მაგალითად, დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელმაც თავის დროზე, პარლამენტიდან სქემის ამოქმედებას საკანონმდებლო დონეზე მხარი დაუჭირა, ფიქრობს, რომ პროგრამის მიმართ კონკრეტული დაინტერესებული პირები საბოტაჟს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გასაცემი სესხების უზრუნველყოფისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.