24.აგვისტო .2019 17:15

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

views 6486
უკან

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტს შემოდგომიდან განაახლებს, ბენეფიციარებისთვის თანხების ჩარიცხვა კი 2020 წლიდან დაიწყება. ამის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"კომუნიკაციას შემოდგომიდან დავიწყებთ, რადგან პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ბევრად აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს, რომ ყველამ შეძლოს მონაწილეობა და გაიგოს ამის შესახებ. დაფინანსება ალბათ 2020 წელს მოხდება, რომ უფრო კარგად ვმართოთ ეს სქემა.

ვფიქრობთ თანხის 30 ათას ლარამდე გაზრდას, ასევე - სპეციალურ შეღავათს მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც თანამონაწილეობა 10% და უფრო დაბალი იქნება, რათა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტიმულირება მოხდეს", – განაცხადა ხიდურელმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, სხვა არსებულ პროგრამებში შინაარსობრივი თვალსაზრისით ცვლილებები შევიდეს.

"ვფიქრობთ, გადავხედოთ სექტორებს, სად არის გაჯერებული და შემდეგ შეიძლება ცვლილებები შევიტანოთ. ჩვენ ეფექტიანობა გავზომეთ. ძალიან მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულების გრძნობა გვაქვს ჩვენს მეწარმეებთან და საზოგადოებასთან. ამის შესახებ არის BDO–ს კვლევაც, თუმცა ახალი მიგნებაც გვაქვს -202 სტარტაპიდან, რომლებიც ჩვენმა სააგენტომ სუბსიდირების პროგრამით დააფინანსა, რომლის ფარგლებში 28 მლნ ლარი იყო სუბსიდირებით გაცემული, ამ 28 მლნ–ის სუბსიდირებამ გადასახადების სახით ქვეყანას 140 მლნ ლარი მოუტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითო სუბსიდირებულ ლარზე ქვეყანამ 5 ლარის, ანუ ხუთჯერ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღო. აქ არ ვთვლი არსებული ბიზნესების გაფართოებას.

რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, 7 მლნ ლარი გვაქვს დახარჯული გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ამ 7 მლნ ლარმა 159 მლნ ლარის ექსპორტის წახალისება შეძლო – მინიმუმ 20-ჯერ მეტი ამონაგებია, ვიდრე დანახარჯი.

ინვესტიციების მიმართულება -მილიონ 200 ათასი ლარი, საკმაოდ მიზერული თანხა დაიხარჯა ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების მოზიდვაზე იმ გუნდის მეშვეობით, რომელიც ჩვენთან ერთად არის და ამ თანხის დახარჯვით 119 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ", – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა