მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალ ქარხანაში გადავედით და აღმოჩნდა, რომ ძველს როგორც ვმართავდით, იყო აბსოლუტური შეცდომა"

5eca48371e9f3
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.20 14:06
6193
“კოკა-კოლის” ახალ ქარხანაში გადავედით და აღმოჩნდა, რომ ძველს როგორც ვმართავდით, იყო აბსოლუტური შეცდომა,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა “Forbes კვირაში” გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახალ ქარხანაში, რომელიც ნატახტარში მდებარეობს, სრულიად თანამედროვედ არის აწყობილი წარმოება, რისი მეშვეობითაც შემოსავალი 20 მილიონითაც კი გაიზარდა.

“ძველ ქარხანაში როცა ვმუშაობდით, მიჩვეული ვიყავით და პროცესის კონტროლი არ ხდებოდა. მოდუნებულები ვიყავით. წარმადობას ვაღწევდით თუ არა, არ ვაქცევდით ყურადღებას. ერთადერთი, რაზეც მაქსიმალური ყურადღება იყო, ეს იყო ხარისხი. ერთი მხრივ, ამაზე ჩვენ თვითონაც ვიყავით და ვართ ორიენტირებული და მეორეა, რომ აუდიტები რომ ჩამოდიან, ამ ყველაფრის მუდმივი კონტროლი ხდება.

ახალ ქარხანაში რომ გადავედით, აღმოჩნდა, რომ ძველს როგორც ვმართავდით, იყო აბსოლუტური შეცდომა. არადა, შესაძლებელია, რომ ერთიდაიმავე დროში, უფრო მაგარ წარმატებას მიაღწიო, წარმადობა გაზარდო, მოგება გაზარდო და ეს ყველაფერი ერთი და იმავე ტექნოლოგიურ პროცესში.

ხალხიც კი მოტივირებული გახდა, გარემოც შეიცვალა. ჩვენი ძველი ქარხანა იყო ასეთი წარმოების კლასიკური ფორმა, საბჭოთა ქარხანა იყო დაგგემარებით და ყველაფრით. საბჭოთა ქარხანა აწარმოებდა კოკა-კოლას. ახალ ქარხანაში კი დაგეგმარება გააკეთა ფრანგულმა კომპანიამ, რომელიც კოკა-კოლამ გვირჩია, რომელსაც კოკა-კოლას ბევრი ქარხანა აქვს დაპროექტებული…

იქ რომ გადავედით, ადამიანებიც კი შეიცვალნენ. გეუბნებით, სიარულიც კი იცვლება. ხალხმა დაიწყო გაპარსვა, ლაბორატორიის თანამშრომლები გამოპრანჭულები მოდიან, მაკიაჟს იკეთებენ, ადრე არ იკეთებდნენ…”,- ამბობს თემურ ჭყონია.

რაც შეეხება “კოკა-კოლის” ქარხნის ძველ ტერიტორიას, რომელიც თბილისში მდებარეობს, ბიზნესმენი ამბობს, რომ ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი აქ რა გაკეთდება. მისი თქმით, არაერთი ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, მიდიან მასთან სხვადასხვა იდეით და ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ამ ტერიტორიაზე შეიძლება უკეთესი რამ გაკეთდეს, ვიდრე საცხოვრებელი კორპუსებია.