მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალ სეზონზე თხილზე მაღალ ფასს არ ველით" - NutsGe

6102bb524dce2
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 09:40
1465
მიმდინარე წლის 6 თვეში ქვეყნიდან როგორც თხილის ექსპორტი, ისე მისი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან 6 276 ტონა, 35.6 მლნ-ის ღირებულების თხილი გავიდა ექსპორტზე. 

ექსპორტის ზრდას თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია Nuts.ge-ს დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი თხილის მაღალი და ხარისხიანი მოსავლითა და სხვადასხვა ბაზარზე თხილზე მაღალი მოთხოვნით ხსნის.

BM.GE-სთან საუბრისას ის განმარტავს, რომ გასულ წელს მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებაზე შოკური ფაქტორები ახდენდა გავლენას, მიმდინარე წელს კი ეს გავლენები მეტ-ნაკლებად შემცირდა.

„თხილის ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ფაროსანას პრობლემა ნელ-ნელა გადაჭრისკენ მიდის. ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვის ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებელს აღემატება, რადგან გასულ წელს ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული ლოგისტიკური შეფერხებები იყო. რაც შეეხება წინა წელს ექსპორტის ზრდას, ეს უფრო შოკური მდგომარეობით იყო გამოწვეული. პანდემიის დაწყების დროს თხილზე ლოგისტიკური შეფერხებების პარალელურად თხილზე ფასი საშუალოდ 1.5 დოლარით შემცირდა და ამ პერიოდში თხილის მწარმოებლები ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად გაეყიდათ მარაგები. შესაბამისად, ექსპორტის ზრდა არა მაღალი მოთხოვნის გამო, არამედ შოკის გამო გაიზარდა.

მიმდინარე წელს  ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი თხილის ხარისხის ზრდამ გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ არა პანდემია ეს რიცხვები გაცილებით მაღალი იქნებოდა. მინდა გითხრათ, რომ წელს თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზე 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 6-7 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც პანდემიური შოკებიდან და ეტაპობრივი მიწოდებიდან გამომდინარეობდა. თხილი ინდუსტრიული წარმოების პროდუქტია და მას ძირითადად შოკოლადის მწარმოებლები ყიდულობენ, რომლებიც ვალუტის კურსის მერყეობის პერიოდებში შესყიდვებს მალე ხურავდნენ, რაც მოთხოვნას ამცირებდა და ფასი ვარდებოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თხილის ექსპორტის კარგი მაჩვენებლების მიუხედავად, მსოფლიოში ქართული თხილის ფასი მსოფლიო ღირებულებაზე 10%-ით იაფად იყიდებოდა“, - განმარტა მამუკა ბერიაშვილმა.

მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის დამფუძნებელს თხილის ახალ სეზონზე პოზიტიური მოლოდინები აქვს, თუმცა თვლის, რომ თხილის ფასი საერთაშორისო ბაზარზე მოსალოდნელი უხვმოსავლიანობის გამო არ გაიზრდება.

„ახალ სეზონზე ვეჭვობთ, რომ მაღალი ფასები იყოს, რადგან მსოფლიოში თხილის მოსავალი წინა წელთან შედარებით 10-15%-ით მეტია და კონკურენცია დიდი იქნება. დოლარში ფასი სტაბილური იქნება, თუმცა ქართულ თხილზე ფასი ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული. დოლარში გაანგარიშებული შედეგები მომავლი წლისთვის უკეთესი გვექნება, თუ პანდემიამ თავი კიდევ არ იჩინა“, - ამბობს Nuts.ge-ს ხელმძღვანელი.

კომპანია Nuts.ge საქართველოში, კონკრეტულად კი ზუგდიდსა და ყვარელში თხილის გადამამუშავებელ 2 საწარმოს მართავს, რომელთან წლიური წარმადობა 3 000 ტონა მზა თხილია. კომპანია თხილის რეალიზებას 25 ქვეყანაში, თითქმის ყველა კონტინენტზე ახორციელებს.