29.აგვისტო .2019 18:39

"ახალგაზრდობის სააგენტოს" პრემიერის მრჩეველი, რეზო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს

views 830
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ახალი სსიპ-ი "ახალგაზრდობის სააგენტო" დაფუძნდა. ახალი უწყების შექმნის დადგენილების მიხედვით, ეს იქნება უწყება, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო ახალგაზრდილი პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებით იქნება დაკავებული. ამ დროისთვის ახალი სააგენტოს შესახებ ბევრი არაფერი არ არის ცნობილი, უცნობია მისი საშტატო რიცხოვნობა, ასევე მისი ბიუჯეტი. თუმცა, ცნობილია, რომ მას ახალგაზრდილ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, რეზო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს. 

ჩარკვიანი პრემიერის მრჩევლად, 2019 წლის 3 აპრილს დაინიშნა. ჩარკვიანმა 1999 წელს სარეკლამო კომპანია "სარკე" დააფუძნა, 2012 წლიდან კი თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 

ახალი სააგენტოს ფუნქციების სრული ჩამონათვალი ასეთია:

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. სახელმწიფოს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე დაყრდნობით, მთავრობის ახალგაზრდული სფეროსა და საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება, მათი აღსრულება და შესრულების კოორდინირება სხვადასხვა სამინისტროსა და სსიპ-ს შორის, მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება; 

ბ) ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება; 

გ) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტანდარტების, ხარისხის კონტროლის მექანიზმების, შედეგების აღიარებისა და სერტიფიცირების წესების, სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავება; 

დ) ახალგაზრდული მუშაკის კვალიფიკაციისა და სერტიფიცირების წესის განსაზღვრასა და პროფესიული სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობა; 

ე) ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების ჩარჩოს განსაზღვრა, რომელიც ახალგაზრდებს ახალგაზრდული საქმიანობის შედეგად უნდა განუვითარდეთ და მასზე დაყრდნობით ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავება; ახალგაზრდული საქმიანობის შედეგად მიღებული გამოცდილებისა და შედეგების აღიარების მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ლობირება; 

ვ) საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა; 

ზ) მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკისა და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; 

თ) სექტორთაშორისი თანამშრომლობისა და ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებისა და განვითარების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; 

ი) კვლევების განხორციელება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება, ანალიზი და, გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; 

კ) ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა კომპეტენციის, მათ შორის, სამეწარმეო და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენციების განვითარების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მიმართულებით პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა და აღნიშნულ პროგრამებში სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ახალგაზრდების (შშმ პირები, „NEET“ ჯგუფები ანუ ის ახალგაზრდები, რომლებიც არც დასაქმებულნი არიან, არც განათლების სისტემაში არიან და არც ტრენინგს გადიან, დევნილები და სხვა) ჩართულობის ხელშეწყობა; 

ლ) მხარდამჭერი პროექტების განხორციელება და ფინანსური რესურსით დახმარება კომერციულ თუ სოციალურ საქმიანობაში ახალგაზრდობისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის (უმეტესწილად ახალგაზრდული შინაარსითა და აუდიტორიითი ღონისძიებების, ახალგაზრდული სტარტაპების, ახალგაზრდა სტარტაპერებისა და მეწარმეების, მიუხედავად მათი იურიდიული სტატუსისა); 

მ) ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, კონკრეტული პროექტების შექმნის ინიციირება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სამეწარმეო და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; 

ნ) ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, ეროვნული ღირებულებების განვითარებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; 

ო) ახალგაზრდებში ტოლერანტობის კულტურის განვითარების, ახალგაზრდებს შორის არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბების, უმცირესობათა წარმომადგენელი და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; 

პ) ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის შესაძლებლობების, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განვითარებისა და ახალგაზრდებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; 

ჟ) მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარების პროცესში მონაწილეობა, პროგრამ(ებ)ის შექმნა, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის აღიარებისა და წახალისების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში მონაწილეობა, საერთაშორისო მოხალისეობის ხელშეწყობა და მოხალისეთა საქმიანობის პოპულარიზაცია; 

რ) ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების, რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობისა და კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვის ხელშემწყობი საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და სხვა მხარდამჭერი და წამახალისებელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (მათ შორის, ბანაკების მოწყობა); 

ს) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; 

ტ) არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების მიმართულებით სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება; რეკომენდაციებისა და ინიციატივების შემუშავება; 

უ) ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ახალგაზრდული (არაფორმალური განათლების) ცენტრების, ახალგაზრდული სივრცეების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა; 

ფ) ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სტუდენტური თვითმმართველობების, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აგრეთვე ამ ტიპის ქოლგა ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების, ორგანიზაციული გაძლიერებისა და ახალგაზრდობის განვითარების სფეროში მათი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა; ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობების განვითარებას; 

ქ) ახალგაზრდების განვითარებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა; 

ღ) ახალგაზრდობის, როგორც სფეროს, ადვოკატირება ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; 

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; 

შ) სხვადასხვა მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის (ოკუპირებული ტერიტორიები, დიასპორასთან ურთიერთობა, დანაშაულის პრევენცია და სხვა) განხორციელების ხელშეწყობა; 

ჩ) ახალგაზრდული სერვისების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა; 

ც) ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების ერთიან ონლაინსივრცეში განთავსება; ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის პერიოდული ან/და ერთჯერადი პუბლიკაციის გამოცემა; 

ძ) ახალგაზრდული თემატიკის, სტრატეგიის, პროექტების, საქმიანობის ცნობადობის უზრუნველყოფა და შესაბამისი საკომუნიკაციო ღონისძიებების განხორციელება. ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა; 

წ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა; 

ჭ) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; 

ხ) ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობების განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა