20.ნოემბერი .2021 00:30

"ახალი ვალების აღებას ფილტრი დაედება" - ფინანსთა სამინისტრო

"ახალი ვალების აღებას ფილტრი დაედება" - ფინანსთა სამინისტრო
views 570
უკან

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ახალ საგარეო ვალს იღებს, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ამის შეცვლა სურს.

მთავრობის განცხადებით, 2022 წლიდან საგარეო ვალის აღების პირობები იცვლება. კერძოდ, მთავრობა აღარ აიღებს ვალებს მცირე ზომის საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად და ამ მხრივ უთითებს, რომ მსგავსი პროექტები უშუალოდ ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამის შესახებ ვალის მართვის სტრატეგიის პროექტიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

საკითხთან დაკავშირებით გადაცემა “საქმიანი დილის ანალიტიკის" ეთერში ფინანსთა სამინისტროს ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, თანხის მოზიდვა მხოლოდ მსხვილი პროექტებისთვის მოხდება და სესხების აღებას “ფილტრი დაედება”.

“სამომავლოდ მოხდება მხოლოდ მსხვილი პროექტებისთვის თანხის მოზიდვა. უფრო მეტი ფილტრი დაედება სესხების აღებას", - აცხადებს კაჭარავა.

საქართველოს სახელმწიფო ვალი ამჟამად 30.81 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 25.27 მილიარდი საგარეო ვალს, ხოლო 5.54 მილიარდი შიდა ვალს წარმოადგენს.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება შიდა ვალის აღებაზე, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით იღებს, თუმცა შიდა ვალს ერთი პრობლემა აქვს - ეს მისი მაღალი საპროცენტო განაკვეთია, მაგალითად, ამჟამად 2-წლიანი ფასიანი ქაღალდებისთვის 9.1%-ს შეადგენს. შედარებისთვის, საგარეო კრედიტების განაკვეთები 1-3%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ირაკლი კაჭარავას განცხადებით, ამ განაკვეთების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, რადგანაც საგარეო ვალს კურსის რისკიც ახლავს, რაც ლარში ნომინირებულ შიდა ვალს არ აქვს.

“გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ვალის 80% დენომინირებულია ეროვნულ ვალუტაში, 20% კი ადგილობრივ ვალუტაში, ხოლო კურსის მერყეობა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი ვალის პორტფელზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს ნეგატიური გავლენები ეტაპობრივად შევამციროთ. სტრატეგიაშიც ნათქვამია, რომ ეტაპობრივად მოხდება საგარეო ვალის მაღალი წილის შემცირება.

რაც შეეხება შიდა და საგარეო ვალის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს, მათი პირდაპირ შედარება არ შეიძლება, რადგან საგარეო ვალს ასევე ახლავს გაცვლითი კურსის რისკი და კურსის შოკის ალბათობა.

საქართველო ღია და მცირე ზომის ეკონომიკაა და ჩვენ თუ არ შევამცირეთ სავალუტო გაცვლითი კურსის მიმართ მოწყვლადობას, მაშინ მომავალშიც შევინარჩუნებთ ამ რისკების გავლენას მთავრობის ვალსა და მთლიანად ეკონომიკაზე", - აცხადებს ირაკლი კაჭარავა.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ლარის კურსის მერყევი ბუნებიდან გამომდინარე, უმჯობესია თუკი გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან დაფინანსდება უფრო ძვირი შიდა ვალის მომსახურება, ვიდრე საგარეო ვალის მომსახურება, რომელიც შესაძლო შოკიდან გამომდინარე შიეძლება მოულოდნელად კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა