მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა არის დრო, გადავიაზროთ ჩვენი ტურიზმის სტრატეგია“ - ირინა კვახაძე

61509a5c4b9eb
თელარა გელანტია
26.09.21 20:03
940
“თიბისი კაპიტალი“ უახლოეს მომავალში ტურიზმის სექტორზე ახალ ანგარიშს წარმოადგენს, სადაც გარკვეული რეკომენდაციებიც იქნება გაწერილი. „ახლა არის დრო, გადავიაზროთ ჩვენი ტურიზმის სტრატეგია“, - ასე უპასუხა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ bm.ge-ს კითხვას - როგორ უნდა გამოიყენოს პოსპანდემიური პერიოდი მთავრობის ეკონომიკურმა ბლოკმა და რას უნდა აკეთებდნენ ახლა შესაბამისი უწყებები.

„თიბისი კაპიტალი“ მუშაობს და მალე საკმაოდ საინტერესო შედეგებს წარმოგიდგენთ, მაგრამ ალბათ ახლა არის დრო, გადავიაზროთ ჩვენი ტურიზმის სტრატეგია, აღმოვაჩინოთ ის ბაზრები, რომელთაც მეტ-ნაკლები სტაბილურობა გააჩნია. ალბათ ეს ბაზრები უკვე აღმოჩენილია, მაგრამ პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომელ ქვეყნებში შეიძლება ინვესტიციის ჩადება და საიდან შეიძლება სტაბილური შემოსავლის მიღება. მეორე, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ალბათ საჭიროა შემოქმედებითი გზების მოძიება, რადგან სამყარო მეტ-ნაკლებად გადაეწყო, გაჩნდა იგივე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. სხვათაშორის დისტანციურად საქართველოდან მუშაობაზე ჩვენც გვქონდა ინიციატივა და დაიწყო ასეთი პროექტი, მაგრამ შემდეგ პანდემიური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ აღარ იყო რელევანტური - ასეთ გზებზე ალბათ არის საფიქრალი და ეს დრო ალბათ ამისთვისაა გამოსაყენებელი“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად ღირს ახლა აქტიური მარკეტინგული კამპანიის წარმოება თუნდაც ზამთრის ტურისტული სეზონისთვის, „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსი ამბობს, რომ პანდემიიდან გამომდინარე არსებული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით, ყველა რესურსი მათ შორის ფინანსური, უნდა მიიმართოს პანდემიის დასრულებაზე და ვიფიქროთ როგორ შეიძლება გადავიაზროთ ტურიზმის განვითარების სტარტეგია.

„პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა და აუცილებელია ეს ცვლილებები ჩვენც დავინახოთ და ტურიზმის სტრატეგია გადავიაზროთ, რათა ახალი შესაძლებლობები საქართველოს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მაგალითად, ჯერ კიდევ პანდემიამდე გაჩნდა ახალი ტრენდი - ბევრ ტურისტულად განვითარებულ ქვეყანაში მოქალაქეები შეწუხებულები არიან ქალაქის დატვირთულობით, ინფრასტრუქტურით და ფიქრობენ შეზღუდვების დააწესონ ტურისტების რაოდენობაზე, რათა განტვირთონ ქალაქები. ეს საქართველოსთვის არის შესაძლებლობა. მოკლედ, გლობალური ტურიზმის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება არის აუცილებელი, რათა ახალ რეალობას და ტრენდს მომზადებულები შევხვდეთ“, - აღნიშნა ირინა კვახაძემ.