19.მაისი .2022 14:02

"ახლა ავიამიმოსვლის აღდგენა განხილვის საგანი არ უნდა იყოს“ - აბაშიძის პასუხი კარასინს

"ახლა ავიამიმოსვლის აღდგენა განხილვის საგანი არ უნდა იყოს“ - აბაშიძის პასუხი კარასინს
views 895
უკან

დღეს რუსულ მედიაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინის განცხადება გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე იმუშავებს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძესა და კარასინს შორის სატელეფონო საუბარი 18 მაისს შედგა. როგორც აბაშიძემ BMG-ის უთხრა, ფრენების აღდგენის საკითხი კარასინთან არ განუხილავთ; მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს საკითხი ქართულ მხარეს დღის წესრიგში აღარ დაუყენებია.

“ბატონმა კარასინმა მოკლე კომენტარი გააკეთა ცხივნალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან, ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ. მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. მან ასევე თქვა, რომ რეფერენდუმის აქტივობაში მოსკოვი არანაირად არ არის ჩართული. საავიაციო რეისების აღდგენის საკითხი არ განხილულა. მუშაობას ჩვენ ვერ დავუშლით; გუშინ ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ასევე განვიხილეთ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარება. რუსეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ვერ ატარებენ სატვირთო ავტომანქანაების საჭირო რაოდენობას, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარა მათ შორის სომხეთიდან და თურქეთიდან მიმდინარე სატვირთო ტრანსპორტის ნაკადმა. კარასინმა აღგვითქვა, რომ შეძლებისდაგვარად მიიღებს ზომებს ამ ვითარების დასარეგულირებლად”, - განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის თქმითვე, საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე მიიჩნევს, რუსეთთან საჰაერო ფრენების განახლების საკითხი არ უნდა განიხილონ.

“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საკითხი არ განიხილება. რას მუშაობენ და როგორ მუშაობენ ამაზე, ამის თაობაზე მოსკოვში ჰკითხეთ. არ ვიცი, რაზე მუშაოებენ. ადრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავდით, მაგრამ უკრაინაში შექმნილი ვითარების შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ვთვლით, რომ ახლა ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს და ეს იცის რუსულმა მხარემ”, - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება საბაჟო გამშვებ პუნქტ ყაზბეგზე შექმნილ რიგს, ის თვლის, რომ რუსეთმა ამ საკითხზე უნდა იმუშაოს.

“ჩვენი ინფორმაციით, ეს სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. იქ ნამდვილად მიმდინარეობს სამუშაოები; ვთვლით, რომ ამ სარემონტო სამუშაოებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ტრანსპორტის ნორმალურ გადაადგილებას. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ მათი მხრიდან ზომების მიღება აუცილებელია”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.