მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად უკვე მზადაა" - სათხილამურო ფედერაცია

6357bb68b44cf
ლიკა მეგუთნიშვილი
26.10.22 10:04
6917
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ჩემპიონატის ჩასატარებლად უკვე მზად არის, - ამის შესახებ სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკა გაბაშვილმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა. საქმე იმაშია, რომ 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაციის 51-ე კონგრესზე 2018 წელს მიიღეს. 

პირველ ვარჯიშს სათხილამურო სამყაროს ვარსკვლავები კურორტზე 16 თებერვალს ჩაატარებენ. 18 თებერვლიდან კი უკვე ფინალები დაიწყება.

"სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ამ პოზიციისთვის იბრძოდნენ ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, იტალია, გერმანია და სხვა. მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაციამ თქვა, რომ მოდი, ამ 14 ქვეყნიდან მივცეთ ახალ კურორტს შესაძლებლობა, ვნახოთ, რას იზამენ. ეს არის დიდი გამოწვევა. ამ დღის შემდეგ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ვინც ამ სფეროში ვართ, მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაკურიანი ამ ჩემპიონატის ჩასატარებლად უკვე მზად არის. ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობა იქნება, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ვინც თუნდაც ერთი დღით ამოვა ბაკურიანში, ეს დღესასწაული არ გამოტოვოს" , - ამბობს ეკა გაბაშვილი.

ბოლო წლებია, ჩემპიონატისთვის მზადების პარალელურად, ფედერაცია აქტიურად ემზადება სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურის გასამართად. სამუშაოებში ფედერაციის თანამშრომლების გარდა, მოხალისეებიც არიან ჩართული.

“ის ადამიანები, რომლებიც ამ სპორტით იზრდებოდნენ და ოცნებობდნენ, რომ ასეთი რანგის შეჯიბრებებთან ჰქონოდათ შეხება, წამოვიდნენ მოხალისეებად და მუშაობენ მუხლჩაუხრელად, ფიზიკურ შრომასაც არ ერიდებიან. ნამდვილად საოცრებაა ამ ადამიანების ყურება” , - ამბობს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ეკა გაბაშვილი.

სათხილამურო ფედერაციაში ჩემპიონატის ჩატარების პარალელურად, საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლას ელიან. გარდა ამისა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ჩემპიონატების ჩატარება საქართველოში არა მხოლოდ ბაკურიანის, არამედ სხვა კურორტების განვითარებასაც ხელს უწყობს და ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.

ინფორმაციისთვის, ბაკურიანში 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე, საქართველომ ოფიციალური განაცხადი 2017 წლის აპრილში გააკეთა. 2018 წლის მაისში საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე კი გადაწყდა, რომ ფესტივალი საქართველოში ჩატარდებოდა.