მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბანკისგან კრედიტის მიღება მეორედ მოსვლაა" - რა სირთულეებს აწყდებიან რესტორატორები

6269765ab7277
ლიკა გურაბანიძე
01.05.22 16:14
1230
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დღეს ბიზნესის რეაბილიტაციას ფინანსების მობილიზება სჭირდება, ხოლო ბანკებთან ფინანსების მოძიების პროცესი გართულებულია.

კოტე გაბრიჩიძის აზრით, მთავრობა მათ სექტორს, რომელიც აღდგენას ახლა იწყებს, კრედიტის მარტივად აღებაში უნდა დაეხმაროს.

“ბანკისგან კრედიტის მიღება მეორედ მოსვლაა. თუ მთავრობის ჩართულობით ბანკისგან კრედიტის მიღება გამარტივდებოდა ეს ჩვენს ინდუსტრიას დაეხმარებოდა და რეაბილიტაციაც მარტივად მოხდებოდა. სიტუაცია ასეთია - კომპანიები გაკოტრდნენ, თავიდან შემოვიდნენ ბაზარზე და შემდეგ ისევ გაკოტრდნენ. მათ ძალიან რთული პროცესები გაიარეს. ადამიანი რომ იხრჩობა, მაშველი რგოლი უნდა გადაუგდო, სხვა შემთხვევაში ვერ გადარჩება.

ჩვენი ბიზნესი გასული ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაიჩაგრა. კაფეების ნახევარი ვეღარ გაიხსნა. ბანკი სესხს არ გაძლევს, რადგან შენ გასული ორი წლის გამო მათ "შავ სიაში" ხარ მოხვედრილი. სექტორმა გარკვეული შეღავათები მიიღო, თუმცა ზოგიერთმა კაფე-რესტორანმა მისი გამოყენება ვეღარ შეძლო, რადგან მისი სტატუსიდან გამომდინარე, ბანკებთან ურთიერთობა უკვე აღარ შეეძლო. ბანკი ეხმარება მას, ვისაც პრობლემა არ აქვს და დღეს ჯამში ასეთი სულ 20-30 კომპანიაა, მათთვის მწვანე შუქია", - განმარტა გაბრიჩიძემ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, ამ თემაზე მუშაობა სახელმწიფოსთან ერთად უნდა მოხდეს და სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, რომელთან ერთადაც კონკრეტული საკითხების განხილვა მოხდება.