მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბარიერი უნდა მოიხსნას" - რას სთავაზობს სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობას?

61a8e99bb478a
ელენე გოგბერაშვილი
02.12.21 23:30
861
მთავრობის მეთაურმა უკვე დააანონსა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე რეგულაციები მზადდება და შესაბამისი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე თვეში წარედგინება, თუმცა კონკრეტულად რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ამ სექტორში ხელისუფალი ცხადი ჯერ არ არის. ის, რაც საჯარო განცხადებებიდან ვიცით, პრემიერი მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთ გზას სამედიცინო ჰოლდინგების დაშლაში ხედავს, თუმცა რამდენად არის დღეს პრობლემა ჰოლდინგური სტრუქტურა, დეტალური ანალიზი ამაზე ჯერ საზოგადოებას არ მოუსმენია.

ფარმასექტორში დაანონსებული რეგულაციები იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ფარმა და სადაზღვევო კომპანიებმა საქართველოს ბიზნესასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. როგორც "ჯიპიაის" კომუნიკაციების დირექტორი BMG-სთან საუბარში განმარტავს, მოქალაქესთან ერთად მთავარი აქტორი, რომელიც დაინტერესებულია ხარჯეფექტიანობით, სწორედ სადაზღვევო ინდუსტრიაა, ამიტომ მათ შეუძლიათ გაუზიარონ სახელმწიფოს მოდელი, რომლითაც დიდი ხანია ეს სექტორი მუშაობს და რომელიც სწორედ ამ დანახარჯების შემცირებას იწვევს.

“ჩვენ, როგორც კერძო სადაზღვევო სისტემას, უკვე აწყობილი გვაქვს ზუსტად ისეთი მიდგომა, რომელიც ჩვენს დაზღვეულს საშუალებას მისცემს, რომ ხარჯეფექტიანად მიიღოს მკურნალობა, განსაკუთრებით მედიკამენტების ნაწილში. ეს შეადგენს ძირითად ხარჯს სადაზღვევო კომპანიებისთვის და ჩვენს სისტემაში პროვაიდერი კლინიკები და ექიმები მუშაობენ ისე, რომ რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობენ მომხმარებელს და მეორეც აუცილებლად ცდილობენ დაზღვეულისთვის ეს იყოს ხარჯეფექტიანი. პრობლემის სათავე სწორედ აქ არის.

ძალიან რთულია მოქალაქისთვის გადაწყვიტოს, რა უფრო არგებს, იაფიანი ევროპული ჯენერიკი, თუ მასთან შედარებით ძვირად ღირებული სხვა ქვეყნის წარმოების მედიკამენტი, ამიტომ მთლიანად მიჰყვება ექიმის დანიშნულებას. პრობლემა და სათავე არის ის, თუ რა დანიშნულებით მიდის ადამიანი აფთიაქში და აქ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გადაწყვეტა აქვს, თუმცა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, კერძო სადაზღვევო სექტორი ვართ ბუნებრივი პარტნიორები სახელმწიფოსი, რომლის მთავარი ინტერესია შემცირდეს ჯიბიდან გადახდები. ჩვენ როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ სექტორში, გვინდა შევთავაზოთ ჩვენი გამოცდილება.

ჩვენ დანერგილი გვაქვს სისტემა, რომ ექიმების მიერ გამოწერილი დანიშნულება ავტომატურად ხვდება ჩვენს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში და უკვე მომხმარებელს შეუძლია იქ მივიდეს და აინაზღაუროს მედიკამენტების თანხა. ეს გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ რა ხარჯს წევს კომპანია და რას თანაგადახდით დაზღვეული.

ვთვლით, რომ ის ბარიერი, რაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეს აქვს, რომ არ შეუძლია კერძო დაზღვევით სარგებლობა, უნდა მოიხსნას მაგალითად ამბულატორიული მედიკამენტების ან დიაგნოსტიკურ ნაწილში, რაც არასრულყოფილად იფარება სახელმწიფო პროგრამით. ეს არის სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა. ჩვენ როგორც დაინტერესებულ მხარეს, ვისთვისაც სასიცოცხლო ინტერესია ხარჯეფექტიანად მოხდეს მკურნალობა, მომგებიან სისტემას ვთავაზობთ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც იმ მხრივ, რომ ჯიბიდან გადახდები შემცირდება და ეს დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის.

ჩვენი შეთავაზებაა ჩვენი ექსპერტიზის გამოყენება, ჩვენი კონტაქტების გამოყენება და გაზიარება თუ როგორ შევძელით ამ სისტემის აწყობა და მოქალაქისთვის ბარიერის მოხსნა, რომ მანაც შეძლოს იგივე სარგებელი მიიღოს ხელმისაწვდომ ფასად, როგორც სხვას შეუძლია“- აცხადებს თინა სტამბულიშვილი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით თანხვედრაშია ერთმანეთთან. "ჯიპიაის" მსგავსად "იმედი L"-ის გენერალური დირექტორიც თვლის, რომ თუ მთავრობას მედიკამენტებზე მოქალაქეთა დანახარჯების შემცირება და წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სურს, უნდა მოხსნას ბარიერი, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლებაც მიეცემა.

„ადამიანები კარგავენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის უფლებას, თუ ისინი შეიძენენ კერძო დაზღვევას, ამავდროულად საყოველთაო არ ან მინიმალურად აფინანსებს იგივე მედიკამენტებს და იგივე ფარმაციას. აქეთ მხარეს ადამიანს აქვს პრაქტიკულად გაუქმებული შესაძლებლობა დაშენებული პროდუქტი შეიძინოს კერძო კომპანიიდან, რითაც დაიფინანსებს ფარმასაჭიროებებს და ამავე დროს არ გამოაკლდება საყოველთაოს პროგრამას, საიდანაც ფინანსდება ჰოსპიტალური დანახარჯები. ეს უპირველესი და უმარტივესი ნაბიჯია, რომლითაც შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება დაიფინანსონ ხარჯები“-აცხადებს გივი გიორგაძე, იმედი L-ის გენერალური დირექტორი.

უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ დაშენებული პაკეტებით სარგებლობის უფლება მოქალაქეებს 2017 წლის მაისამდე ჰქონდათ, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით ის გაუქმდა. არგუმენტი იყო ის, რომ სადაზღვევო სექტორი მეტად სარგებლობდა ამ შესაძლებლობით.