30.აპრილი .2020 17:15

"ბაზრის დიდ ნაწილს „აგარის შაქარი“ მოამარაგებს" - ნათია თურნავა აგარაში ჩავიდა

views 449
უკან

ბაზრის დიდ ნაწილს „აგარის შაქარი“ მოამარაგებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აგარაში განაცხადა, სადაც  საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო.

„აგარის შაქრის კომბინატი არის ისტორიული საწარმო, რომელიც გაშვებულია გასული საუკუნის 30-იან წლებში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში, რაც არის ადგილობრივი წარმოების აღორძინება და ბაზრის საკუთარი სიმძლავრეებით მომარაგება, შევძელით მისი მუშაობის განახლება. დაწყებულია სამუშაოები და ივნისის დასაწყისში ქარხანა ამოქმედდება სრული დატვირთვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბაზრის დიდი ნაწილი მომარაგდება ქართული ბაზრით, 500 ადგილობრივი ოჯახი მიიღებს შემოსავალს და სამსახურს. ზოგადად, ჩვენ კიდევ გვაქვს დაგეგმილი პროექტები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რომლის მეშვეობითაც ისევ გავაჩენთ ბაზარზე ახალ პროდუქციას და ამოქმედდება ბევრი ახალი საწარმოო სიმძლავრე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ის ერთ-ერთი პირველი საწარმოა, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდება.  ამჟამად საწარმოს ტერიტორიაზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, მთავრობის ინფორმაციით, 500 ადგილობრივი მოსახლე ქარხანაში დასაქმდება, საწარმოს გამოშვებული პროდუქცია კი, ადგილობრივი ბაზრის დიდ ნაწილს დააკმაყოფილებს.

"აგარის შაქარი" ივნისში ამუშავდება, მაგრამ როგორ და რა პირობებით, კომპანიაში ჯერ არ იციან