მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრად უფრო რთული გადასატანია პოსტკრიზისული პერიოდები" - ირაკლი როსტომაშვილი

5e8360331d035
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.20 09:00
966
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი კორონავირუსის გამო სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების მიმართულებით შემცირებულ მოთხოვნაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ეს ახლა სავსებით ბუნებრივია, რადგანაც მოქალაქეებს უბრალოდ სხვა პრიორიტეტები აქვთ.

"რაც შეეხება ფასების დაკორექტირებას, ეს ხდება, მაშინ, როცა მყიდველი მოდის, რაღაც თანხას არ იხდის და რაღაცაზე თანახმაა. თვითონ ეს პროცესია გაჩერებული. უძრავი ქონება ის პროდუქტი არ არის, რომ ადამიანმა გზად შემოიაროს, ბარემ იყიდოს. უძრავი ქონების შეძენა პროცესია, მოდიან არჩევენ, შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ახლა სწორედ ეს პროცესია შენელებული. გაიყიდა ბოლო ბინები, რომლებიც წინა თვეში იყო შერჩეული და ახალა უკვე მიილია ეს ნაკადი და მგონი, ბინების გაყიდვები გაჩერდება.

ამისთვის უბრალოდ არ სცალიათ მოქალაქეებს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ბინა აღარ უნდათ, უბრალოდ, ახლა მათთვის არასწორი დროა. ახლა არის პრაქტიკულად საომარი მდგომარეობა - ომი არის რაკეტებით და ტანკებით და არის ბიოლოგიურიც, ახლა უხილავ მტერთან გვაქვს საქმე”, - აცხადებს როსტომაშვილი.

მისივე თქმით, ახლა გაჩერების დრო არ არის და მნიშვნელოვანია, დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, რათა, როცა კორონავირუსი გადაივლის ამ პროცესს დავხვდეთ მომზადებულები.

“ყოველთვის ბევრად უფრო რთული გადასატანია პოსტკრიზისული პერიოდები. ამიტომ საჭიროა, მომზადდეს რაც შეიძლება მეტი წინადადება ინვესტორებისთვის. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება 100%-ით დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე და ახლა პროგრამები და წინადადებები უკვე უნდა მოვამზადოთ.

თუნდაც, ადგილობრივი ხელისუფლებებიც უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებით. თუ რაღაც პროექტები პატარა-პატარა ხარვეზების გამოა შეჩერებული, მათი დამტკიცება და ნებართვების გაცემა უნდა მოხდეს სწრაფად, რომ გამზადდეს საინვესტიციო წინადადებებისთვის”, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.