მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი ტურისტული სააგენტო დაიხურა, სფერო შევიწროვდება" - PEGAS Touristik-ის კომერციული დირექტორი

5f09a346d95a1
BM.GE
11.07.20 20:00
1531

“რეალობა არის ის, რომ ტურიზმის სფერო ჩიხში შევიდა. პროგნოზების გაკეთება კი ჯერ კიდევ გვიჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ზუსტი თარიღი, თუ როდის შევძლებთ ოპერირებას“ - ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში PEGAS Touristik Georgia-ს კომერციულმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ოპერირების აღდგენის ზუსტი თარიღი უცნობია, ამ ეტაპზე, კომპანიაში გაჩერებულია წინასწარი ჯავშნებიც.

ტურისტული კომპანიების გამოწვევებზე საუბრისას, სალომე ბერაია აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ვერც შიდა ტურიზმი იქნება დანაკლისის დამაბალანსებელი.

„ძალიან ცოტა მეგულება ქართველი მომხმარებელი, რომელიც ქობულეთში დასვენებისთვის ტურისტულ სააგენტოს მიმართავს. ბევრი ტურისტული სააგენტო დაიხურა, სფერო შევიწროვდება“, - აცხადებს ბერაია.

PEGAS Touristik Georgia-ს კომერციული დირექტორი ქუთაისში Wizz Air-ის ბაზის დროებითი დახურვის საკითხსაც შეეხო.

„კომერციული თვალსაზრისით, კომპანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ როცა აღდგება ფრენები, მასშტაბური ავიაკომპანიები დაიწყებენ ფრენებს საქართველოდან. ძალიან დაგვაზარალებს, თუ გადაიფიქრებენ, რადგან ამ შემთხვევაში, კონკურენცია დაიწევს, მომხმარებლისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი ბიუჯეტური ავიაბილეთები, იქნება ერთი მონოპოლისტი, რომელიც თვითნებურად დააწესებს ფასებს“, - აღნიშნავს ბერაია.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით საზღვარი 5 ქვეყნის, კერძოდ კი გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გახსნა. არსებული მდგომარეობით, ამ ყველა ქვეყანასთან საქართველოს ავიამიმოსვლა არ აკავშირებს.