14.ივლისი .2020 23:00

"ბევრი წარჩინებული, ცნობილი მსოფლიო სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას"

views 362
უკან

„მსურს მივულოცო ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყება „აჭარა ტექსტილს“ - თურქ ინვესტორებს, რომლებიც უკვე ათ წელიწადზე მეტია შესანიშნავ ქართულ საქმეს აკეთებენ საქართველოში. ფლობენ სამ მსხვილ საწარმოს დასავლეთ საქართველოში, ასაქმებენ 3500 ადამიანს და ამ საწარმოთა რიცხვს შეემატება „ქართლი ტექსტილიც", სადაც დამატებით 3000 ჩვენი თანამემამულე დასაქმდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო საწარმოს მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

თურნავას თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს.

„მნიშვნელოვანია, რომ „აჭარა ტექსტილის“ საქმიანობის შედეგად ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. კომპანია წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი წარჩინებული, ცნობილი მსოფლიო სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც პანდემია იწყებოდა, კომპანია „აჭარა ტექსტილი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო პირბადეების კერვის სახელმწიფო პროგრამაში და სამი მილიონი პირბადე შეკერა, როდესაც ეს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

ინფორმაციისთვის: შპს „ქართლი ტექსტილს“ რუსთავში სამკერვალო საწარმოს მშენებლობა/მოწყობისთვის სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი.

„აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა