მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილაინი" კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს პასუხობს

60d337b589896
BM.GE
23.06.21 17:37
851
დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა ინტერვიუ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურთან, სადაც ბექაური "მაგთიკომის" მიერ კომისიის მისამართით გამოქვეყნებულ კრიტიკულ ღია წერილებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ კომპანია მაგთი ვირტუალური ზონის ოპერატორის შესახებ ახალი რეგულაციების დანერგვას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას. 

კახა ბექაური აცხადებს, რომ მისი შეფასებით, იმის გამო, რომ "მაგთის" მიერ ღია არაერთი ღია წერილის გამოქვეყნებას არ მოჰყოლია სხვა მობილური ოპერატორებისგან პასუხი, მისი შეფასებით, "მაგთიკომის" მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული განცხადებები სხვა მობილური ოპერატორების - "სილქნეტისა" და "ბილაინის" პოზიციასაც ასახავს, ეს კი მისთვის გასაკვირია, რადგანაც ბექაურის თქმით, კომპანია "ბილაინი" ამ ცვლილებას მიესალმებოდა. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებაზე BMG-მ კითხვით "ბილაინს" მიმართა, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის კახა ბექაურის ეს განცხადება გასაკვირი იყო. კითხვაზე - მიესალმებიან თუ არა ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორის შესახებ ახალი მარეგულირებელი სისტემის შექმნას, "ბილაინში" განმარტავენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი რეგულაციები უკვე არაერთი წელია არსებობს. 

- რას იტყვით კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კომენტარზე, რომ "მაგთიკომი" თავის განცხადებაში "სილქნეტისა" და "ბილაინის" სახელითაც საუბრობს?

"ჩვენთვის გასაკვირი იყო კომისიის თავმჯდომარის ეს განცხადება, ვინაიდან "ბილაინი' ყოველთვის ღიად, პირდაპირ და საჯაროდ აფიქსირებს თავის პოზიციას უშუალოდ კომისიასთან. შესაბამისად, კომისია ყოველთვის საქმის კურსშია თუ რა პოზიცია გააჩნია ბილაინს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამდენად ჩვენთვის გაუგებარია რატომ მიიჩნია, თითქოს "მაგთიკომი" "ბილაინის" სახელითაც საუბრობს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

- თავის დროზე, რატომ დატოვეთ უკომენტაროდ "მაგთიკომის" განცხადება?

"ჩვენ არ ვთვლით, რომ "მაგთიკომის" განცხადება საერთოა, ვინაიდან იქ საერთოდ არ არის ნახსენები "ბილაინი" და არ არის გაჟღერებული "ბილაინის" პოზიცია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ "ბილაინი" ყოველთვის ღიად და საჯაროდ აფიქსირებს თავის პოზიციას როგორც კომისიასთან, ისე მედიასთან და მთლიანად საზოგადოებასთან."

- მიგაჩნიათ, რომ კონკურენციის განვითარებისთვის მნიშნვნელოვანია ოპერატორებმა დაუშვან ინფრასტრუქტურის გაზიარება?

"აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირში დიდი ხანია არსებობს და ვთვლით, რომ კონკურენციის განვითარებისთვის აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ კანონი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ მალე იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ," - აცხადებენ კომპანიაში.