07.მაისი .2021 13:06

"ბირჟა ვერ განვითარდება, სანამ კაპიტალის ბაზრის რეგულირება სებ-ს არ გამოეყოფა" - ხაზარაძე

"ბირჟა ვერ განვითარდება, სანამ კაპიტალის ბაზრის რეგულირება სებ-ს არ გამოეყოფა" - ხაზარაძე
views 560
უკან

პოლიტიკური პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების რეგულირების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ხაზარაძემ განაცხადა, ქართული საფონდო ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ კაპიტალის ბაზრის რეგულირება ეროვნულ ბანკს გამოეყოს.  მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი არეგულირებს როგორც საფინანსო ბაზარს, ასევე კომერციულ ბანკებს, ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. 

"ბიზნესის განვითარებას დღეს ხელს გრძელი ფულის ნაკლებობა უშლის და კერძო სექტორის დაფინანსების ერთადერთი წყარო არის საბანკო სექტორი. ამიტომ სანამ არ ჩამოყალიბდება კაპიტალის ბაზარი და არ მოხდება საკრედიტო-საფინანსო ინფრასტრუქტურის რეფორმა, სანამ არ გამოეყოფა კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ორგანო ეროვნულ ბანკს და დღეს ეს არის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი და ის არ გახდება ცალკე დამოუკიდებელი მოთამაშე, ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი არ განვითარდება.

კაპიტალის ბაზარი გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, არის გრძელი ფული, როგორც ადგილობრივი ინვესტორების, ასევე უცხოური ინვესტორების ფული, რომლებიც ინვესტირებას ახდენს სხვადასხვა საწარმოებში საფონდო ბირჟის საშუალებით. თქვენ იცით, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენს საფონდო ბირჟაზე საერთოდ 1 გარიგებაც კი არ გაკეთებულა. კითხვა არის ასეთი - საიდან უნდა მოიზიდოს საწარმომ ფული იმისათვის, რომ თავის კაპიტალში ახალი ინექცია განახორციელოს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელია. ამ მხრივ სებ-ის ძირითადი ფუნქციებია "ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ასევე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება," - ნათქვამია სებ-ის ვებგვერდზე

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სწორი რეფორმების გატარების შემთხვევაში საქართველოს რეგიონის საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბება შეუძლია.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაარსდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟა, რომ მოხდეს ჩვენი საფონდო ბირჟის დაკავშირება ისეთ ბირჟებთან, როგორიცაა ლონდონის, სინგაპურის ან იგივე ნიუ-იორკის ბირჟა და ამის პრეცედენტები არსებობს და საქართველო ვაქციოთ იმ თამაშის წესების მონაწილე ქვეყნად, სადაც მოძრაობს საერთაშორისო კაპიტალი.

ამის შედეგად ინვესტორები თავიანთ მონიტორებზე უკვე აღნიშნავენ, რომ საქართველო არის წერტილი, სადაც შეიძლება, რომ საერთაშორისო ინვესტიცია განოხციელდეს. საჭიროა, შეიქმნას სამართლებრივი გარემო, რომელიც ინვესტორებს მისცემს გარანტიას, რომ თამაშის წესები არის საერთაშორისო სტანდარტის. ბირჟის გვერდზე უნდა არსებობდეს საერთაშორისო არბიტრაჟის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორების სამართლებრივ დავას.

ბირჟის ლიკვიდურობის შექმნისთვის უნდა მოხდეს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და მათი ბირჟის საშუალებით განთავსება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე "ანალიტიკას" ეთერში:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა