მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიტკოინი რეალურად დეცენტრალიზებული თაღლითური სქემაა" – JPMorgan-ის დირექტორი

632d7fb355738
გიორგი თოლორდავა
23.09.22 17:59
1570
მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა აშშ-ის კონგრესის წინაშე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები რეალურად დეცენტრალიზებული თაღლითური სქემები, ე.წ. ფინანსური პირამიდებია, რომელთაც არავითარი რეალური ღირებულება არ გააჩნიათ.

„ბიტკოინისა და სხვა მისი მსგავსი კრიპტოვალუტების მიმართ უაღრესად სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. ვთვლი, რომ ისინი რეალურად დეცენტრალიზებულ თაღლითურ სქემებს წარმოადგენენ“, - განაცხადა დაიმონმა.

JPMorgan-ის დირექტორის განმარტებით, კონგრესმენებმა მისი განცხადება არასწორად არ უნდა მიიღონ და არ იფიქრონ, რომ ისეთ ტექნოლოგიას, როგორიც ბლოკჩეინი თუ დეცენტრალიზებული ფინანსებია (DeFi) არავითარი ღირებულება არ გააჩნია.

დაიმონის განმარტებით, ბლოკჩეინს თავად JPMorgan-იც აქტიურად იყენებს და მომავალში ბანკის სტრუქტურაში DeFi პროტოკოლის ინტეგრირებაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმი დაიმონს კრიპტოაქტივების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არაერთხელ გამოუხატავს, მან საჯაროდ მრავალჯერ აღნიშნა, რომ ის ბიტკოინს თაღლითურ ფინანსურ პირამიდად მიიჩნევს, მაინერებს კი ენერგიის უაზროდ მფლანგველებად.

მიუხედავად დირექტორის პოზიციისა, თავად JPMorgan-ის ანალიტიკური დეპარტამენტი ბიტკოინს, ეთერიუმსა და სხვა წამყვან კრიპტოვალუტებს საუკეთესო საინვესტიციო აქტივებად მიიჩნევს და მათ უძრავ ქონებაზე უფრო მაღალ შეფასებას ანიჭებს.