მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუჯეტში ფულის დანაკლისის გამო გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედების გადავადება არასწორია"

636bdb25e9981
თიკო ნათმელაძე
09.11.22 21:00
729
საფინანსო სექტორისთვის გადასახადის ესტონური მოდელი წესით 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს თუმცა სახელმწიფოს ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

კომპანიებისთვის აღნიშნული მოდელის ამოქმედების მნიშვნელობაზე გადაცემა "საქმიან დილაში" „კრენსტონ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ პროცესი კიდევ გადავადდება სახელმწიფომ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს, რადგან მხოლოდ ბიუჯეტში ფულის დანაკლისი სწორი არგუმენტი არაა.

მისივე თქმით, საკითხი სექტორების მიხედვით უნდა გაანალიზდეს და საბანკო და სადაზღვევო სექტორი ერთად არ განიხილებოდეს, რადგან საბანკო ინდუსტრია სადაზღვევოზე ბევრად მაღალშემოსავლიანია.

"გარდა იმისა, რომ 2023 წლამდე, ანუ იმ ვადამდე, როცა გადასახადის ესტონური მოდელი ძალაში უნდა შევიდეს, ორი თვეა დარჩენილი და საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. პრობლემა ისაა, რომ საკითხი არც ერთხელ დასაბუთებულა, არც 2019 წელს, როდესაც პირველად გადავადდა, ახლა კი თუ სახელმწიფო ამ პროცესს ისევ გადაავადებს არგუმენტებით უნდა დაასაბუთონ, რადგან მხოლოდ ის მიზეზი, რომ ეს ბიუჯეტში თანხის დეფიციტს გამოიწვევს, არასწორია.

ასევე, საკითხი დარგების მიხედვით უნდა გაანალიზდეს. ამჟამად ხუთი კატეგორიის კომპანია არ არიან გადასული ამ მოდელზე - სადაზღვევო, საბანკო, მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტები და საკრედიტო კავშირი. ვფიქრობ, სადაზღვევო სექტორი უნდა გამოეყოს და მისი საკითხი ცალკე განიხილებოდეს, რადგან სადაზღვევო კომპანიები არ არიან მაღალ შემოსავლიანი, პირიქით, ბევრი სადაზღვევო კომპანიაა ფინანსური ზარალის წინაშეა და მათ ბევრად ნაკლები წლიური ბრუნვა აქვთ, ვიდრე საბანკო სექტორს,’’ - განაცხადა დავით პაპიაშვილმა და დასძინა, რომ გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედება სადაზღვევო სექტორს ფინანსებზე უფრო მეტ წვდომასა და მაჩვენებლის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ, 2023 წელს მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ბანკებს არ შეეხებათ.

„2023 წლის ბიუჯეტი საფინანსო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლას არ ითვალისწინებს. 400-500 მილიონი ლარი ან უფრო მეტი საფინანსო სექტორში ვერ დარჩება და ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა, ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირება. აღსანიშნია, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. ნოემბრის დასაწყისში საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ესტონური მოდელი ბანკებზე 2023 წლიდან გავრცელდებოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ განცხადებებიდან გამომდინარე ჩანდა რომ მთავრობა მის ამოქმედებას გადაავადებდა.