მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესგარემოს უნდა გაუფრთხილდეს ყველა" - გიორგი პერტაია პოლიტიკოსებს მიმართავს

5e468d8c56a18
ინგა მურუსიძე
15.02.20 12:00
1385
მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, როდესაც ბიზნესგარემოზე საუბრობენ, გაითვალისწინონ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებისგან თავი უნდა შეიკავონ, - ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ განუცხადა.

ის მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება არ შეიძლება და ინვესტიციები არ შემოდის, არის არასწორი.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გადავლახოთ ეს შეხედულება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ეკონომიკური აქტივობის შემცირება ხდება. ეს გასავლელი ეტაპია. საქართველოში მაინც ძველი გამოცდილებიდან არის დარჩენილი ის შეხედულება, რომ (ბიზნესი) დაელოდება არჩევნებს და მერე დაიწყებს ინვესტირებას. რაც შეეხება თავად პოლიტიკოსებს, ახლა სიტუაცია ძალიან ცხელია და პოლიტიკოსები ძალიან ბევრს საუბრობენ ბიზნესგარემოზე. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, როდესაც ბიზნესგარემოზე საუბრობენ, გაითვალისწინონ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. უსაფუძვლო საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება არ შეიძლება და ინვესტიციები არ შემოდის, არის არასწორი.

დავიწყოთ იქიდან, რომ ინვესტიციების შემცირება იყო... არასწორია საუბარი იმაზე, რომ ბიზნესის კეთება რთულია, ასე არ არის, ყველაფერი შედარებითია. რეგიონში პირველები ვართ, Doing Busines-ში და ბევრ სხვა რეიტინგში ვართ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე. ჩვენს ქვეყანაში კომპანიის დარეგისტრირება და მერე მისი ამოქმედება არ არის დაკავშირებული კორუფციულ გარიგებებთან და ა.შ. ანუ, ქვეყანაში ბიზნესგარემო კარგია. პრობლემები არის, რაღაც ნაწილში შეიძლება გამოსასწორებელია რიგი საკითხები, მაგრამ მთლიანობაში იმის ლაპარაკი, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო ცუდია, არასწორია“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისივე თქმით, ბიზნეს გარემოს უნდა გაუფრთხილდეს ყველა, მათ შორის პოლიტიკოსებიც და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა გახდეს, რომ ბიზნესზე არგუმენტების გარეშე, ზერელედ საუბარი ამ ქვეყანაში არ შეიძლება.

კითხვაზე, ეხება თუ არა ეს რჩევა მთავრობას, პერტაიამ უპასუხა, რომ რჩევა ეხება ყველას, ვინც ბიზნესგარემოზე საუბრობს.

„ჩვენ ნელ-ნელა ვეჩვევით, რომ როცა რაღაცას ვამბობთ, ვაკეთებთ გარკვეულ მინიშნებას, საიდან არის წყარო. ვერავინ იტყვის, რომ ინვესტიები არ შემოდის, რადგან ასე არ არის. ინვესტიციები ნამდვილად შემოდის“, - განაცხადა პერტაიამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე ინვესტიციების კლების შესახებ, პერტაიამ უპასუხა, რომ „კლებადი ტრენდი ჯერ არ არის. კლებადი ტრენდი იქნება, როცა ერთი წლის მერე დავინახავთ, რომ ისევ იკლებს“.

„შეიძლება ინვესტიციებმა კიდეც დაიკლოს, რადგან ისეთი გარემოა. ყველა პოლიტიკოსი რომ გამოდის და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება ბიზნესის გაკეთება, რა თქმა უნდა უცხოელი, რომელიც ფიქრობს საქართველოში ფულის ჩადებაზე, იტყვის, რომ თუ ქართველი ამას ამბობს, მაშინ მანაც აღარ უნდა ჩადოს ინვესტიცია“, - განაცხადა პერტაიამ.