მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო 3-4 დღის განმავლობაში მომხმარებელი უპრეცედენტოდ აქტიური იყო" - ნიკოლოზ ნაყოფია

61de5b1918bef
თათია კაკიაშვილი
12.01.22 23:30
2183
„პრაქტიკულად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა“, - ამის შესახებ bm.ge-ის ძვირფასი ლითონებითა და ქვებით საიუველირო ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია “ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ნაყოფიამ განუცხადა. არადა სულ რამდენიმე დღის წინ ნაყოფია ამბობდა, რომ 2019 წლის მაჩვენებლამდე “ზარაფხანას” ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა დარჩენილი. მისივე შეფასებით, რეალიზაციის მაჩვენებლების ზრდაში გადამწყვეტი როლი ბოლო კვირამ ითამაშა.

ნაყოფიას თქმით, როგორც წესი, ნიშნობის და საქორწინო ბეჭდები “ზარაფხანას” სავიზიტო ბარათია, სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნით სწორედ ეს სამკაულები სარგებლობს. თუმცა “ზარაფხანაში” აცხადებენ იმასაც, რომ წელს კორპორაციული კუთხით ბევრი სუვენირიც გაიყიდა.

„მომხმარებლებს თემატური სუვენირები მოსწონთ, იქნება ეს ვეფხვი, რადგან ვეფხვის წელია, თუ სხვა რამ და სწორედ ამიტომ ყოველწლიურად ვცდილობთ ახალი სუვენირის შექმნას, რაც დაუყოვნებლივ პოზიტიურად ისახება რეალიზაციაზე: განახლებული პროდუქცია საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3-4 დღის განმავლობაში ჩვენი მომხმარებელი უპრეცედენტოდ აქტიური იყო. ასეთი აქტიურობა, დიდი ხანია, კომპანიაში არ გვახსოვს. პოსტპანდემიური შედეგებიდან გამომდინარე, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს: უკვე შეინიშნება მდგრადი წინსვლა და პრაქტიკულად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც იყო პანდემიამდე, სულ რამდენიმე პროცენტი დაგვაკლდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

მისივე თქმით, „ზარაფხანაში“ მომხმარებელი უმეტესწილად ოქროს ნაკეთობებს ყიდულობს. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი მაღალი სინჯის ოქროზეა. რაც შეეხება ვერცხლის რეალიზაციას, ნიკოლოზ ნაყოფიას თქმით, ეს მიმართულება როგორც ადრე, ისე წელსაც სტაბილურად რჩება.