მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო წლების განმავლობაში ახალი ინვესტორი თითქმის არ გვყავს" - ქეთი ბოჭორიშვილი

5fd10988898ff
თამთა ჯიჯავაძე
09.12.20 22:40
2259
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციების კლების ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ანაკლიის და კიდევ ბევრი სხვა გაჩერებული პროექტი. როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას აძლევს იმის საშუალებას, რომ როდესაც კრიზისი დგება, ბიზნესის განვითარება და ინვესტიციების განხორციელება არ შეფერხდეს.

„ეს აისახება პოზიტიურად როგორც სტატისტიკაზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ობიექტურობისთვის მინდა დავამატო, რომ 2019 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი ინვესტიცია დაფიქსირდა, აქედან გამომდინარე ის, რომ 26%-ით დაიკლო ამ მაჩვენებელმა, მოსალოდნელი იყო. თუმცა, თუ ჩვენ სამი კვარტლის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ რომ ჯამში 20%-იანი კლებაა“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა არ გამოვეკიდოთ ინვესტიციების კლების კონკრეტულ რიცხვს, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხობრივად რამდენადაა გაუმჯობესებული ინვესტიციები.

„თუ გადავხედავთ მაჩვენებლებს, რომელმა კომპანიებმა ჩადეს ინვესტიციები, ვნახავთ რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი ინვესტორი თითქმის არ გვყავს, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, ეს ნიშნავს რომ არ ვმუშაობთ ახალი ინვესტიციების შემოდინებაზე. ინვესტიცია, როგორც ფულადი კაპიტალი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ერთი თემაა, ხოლო მეორეა ხარისხობრივი და გადადინების ეფექტები, რაც ფულად სახსრებს მოაქვს.

პრობლემაა ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ახალ კომპანიებს, ახალ სახეებს, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნით და ინვესტიციას ახორციელებენ. ეს რამ გამოიწვია? ეს ალბათ გამოიწვია იმან, რომ ქვეყანას არ აქვს ხედვა. კოვიდს აქვს თავისი ზეგავლენა, თუმცა, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. ამაზე უფრო ადრეც ვსაუბრობდით. როდესაც ვერ ვხედავთ ინვესტიციებზე, უცხოურ კომპანიებზე სახემწიფოს მხრიდან ინტერესს, როდესაც არ ხდება გადაწყვეტილების მიღება სწრაფად, როდესაც გაზრდილია ბიუროკრატია, ეს საერთო ჯამში აისახება სტატისტიკაზეც“, -განაცხადა მან.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ რამდენად დივერსიფიცირებულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც ჩვენთან ფული ჩადო. თუმცა, ამ მხრივაც ჩანს, რომ პრობლემაა „და ესეც ნიშანია იმის რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ“.

შეგახსენებთ, საქსტატმა დღეს უცხოური ინვესტიციების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ, ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით.