მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბონდების რეალიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული სახსრები, ჰოლდინგის განვითარებას მოხმარდება" - "თეგეტა"

63a03fd6b9aa6
თათია კაკიაშვილი
19.12.22 21:00
557
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული, საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი - სიდიდით მეორე.

გამოშვებული ობლიგაციის ფასი TIBR+3.5%-ით განისაზღვრა. „თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას სრულად მოხმარდება. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტალურად დაიფარება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ განთავსებული ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არცერთი ინვესტორის წილი არ აღემატება განთავსების 30%-ს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე "თეგეტას" ენდობა. ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება ჩვენი კომპეტენტური გუნდის აქტიური ჩართულობითა და მუშაობით შევძელით. ბონდების ძირითადი უპირატესობა მისი არაუზრუნველყოფილი ბუნებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის საბანკო სესხის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც კომპანიას ფინანსური ვალდებულებების დივერსიფიცირების მარტივ შესაძლებლობას აძლევს. ის სახსრები, რაც ბონდების რეალიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება, სრულად მოხმარდება ჩვენი ჰოლდინგის განვითარებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას. ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში გამოიცა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ჰოლდინგის სავალუტო რისკებს“, - განაცხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემაც გააკეთა და თქვა, რომ კაპიტალის ბაზრის მეშვეობით, კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დაეხმარნენ და შესაძლებლობა მისცეს დაფინანსების სტრუქტურა გაეუმჯობესებინა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ყველაზე მსხვილი კორპორაციული ობლიგაცია „თიბისი კაპიტალის“ ჩართულობით განთავსდა. კაპიტალის ბაზრის მეშვეობით, კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ და შესაძლებლობა მივეცით, დაფინანსების სტრუქტურა გაეუმჯობესებინა. 3 წლის წინ „თეგეტამ“პირველი ემისიის გამოშვებაც ჩვენი დახმარებით განახორციელა. „თიბისი კაპიტალი“ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ჩვენ განვითარებაში ხელს ვუწყობთ როგორც ადგილობრივ კომპანიებს, ისე კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს, რაც ზრდის საქართველოს მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეს ობლიგაციები „თიბისი კაპიტალის“ მიერ წელს რიგით მე-11 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული რაოდენობაა. წლის განმავლობაში განთავსებების ჯამურმა თანხამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება “თეგეტას”, კომპანიამ პირველი წარმატებული ემისია 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები გაანაღდა. მომდევნო წელს „თეგეტა ჰოლდინგი“ კაპიტალის ბაზარზე გააქტიურებასა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.