01.დეკემბერი .2022 09:00

"ბორბალო" - ამოქმედდა აპლიკაცია, რომელიც მანქანის ჯარიმის გადახდას შეგახსენებთ

"ბორბალო" - ამოქმედდა აპლიკაცია, რომელიც მანქანის ჯარიმის გადახდას შეგახსენებთ
views 2521
უკან

დავიწყებული მანქანის ჯარიმები, დამატებითი გადასახადები, ჩამორთმეული მართვის მოწმობა - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელმაც სან-ფრანცისკოს კომპიუტერული ტექნოლოგიების სტუდენტ კობა ჟღენტს აპლიკაცია „ბორბალოს“ შექმნა გადააწყვეტინა.

აპლიკაციის ამოქმედების პროცესზე, ფუნქციებსა და სამომავლო მიზნებზე მისმა დამფუძნებელმა BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბორბალოს“ მეშვეობით მძღოლს მის მანქანაზე გამოწერილი ჯარიმების ნახვა, დაჯარიმების მიზეზის გარკვევა, ჯარიმის გადახდის ბოლო ვადის შეხსენება და აპლიკაციიდანვე გადახდაც შეუძლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გამოყენებით, სამ წლიანი მუშაობით, იურისტებთან კონსულტაციითა და პოლიციის ნებართვით, აპლიკაცია „ბორბალო“ უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებაში ჩაეშვა.

„ჩემ გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ჩემს ოჯახის წევრებსაც, ხშირად მანქანის ჯარიმები არ მოსდიოდათ, ან მისი გადახდა ავიწყდებოდათ, რაც 10 ლარიანი ჯარიმის გამო ბევრად დიდი თანხის გადახდასა და ზოგიერთ შემთხვევაში მართვის მოწმობის ჩამორთმევასაც იწვევდა, სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ისეთი პლატფორმის შექმნა გადავწყვიტე, სადაც ყველაფერი გაერთიანებული იქნებოდა - როდესაც ადამიანი „ბორბალო“-ში მანქანას დაამატებს მის მანქანაზე გამოწერილი ყველა სახის ჯარიმის ნახვას შეძლებს (ვიდეო ჯარიმებს, საპატრულო და პარკირების ჯარიმებს), აქ ასევე წარმოდგენილია სად დაჯარიმდით და რა მიზეზით, გვქონდა კომუნიკაცია იურისტებთან, რომლებმაც გაშიფრეს კოდექსები და აპლიკაციაში განმარტების სახით წარმოადგინეს. მთავარი ფუნქცია კი ისაა, რომ აპლიკაცია გახსენებს, როდისაა ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა, რაც ძალიან ბევრ პრობლემას ხსნის, ჯარიმის გადახდაც აპლიკაციიდანვეა შესაძლებელი, ასევე ზონალური და გრძელვადიანი პარკირების საშვების შეძენა“, - განაცხადა კობა ჟღენტმა.

აპლიკაციის შექმნას თან გამოწვევებიც ახლდა, როგორც კობა ჟღენტი BM.GE-სთან აცხადებს, ეს ძირითადად იურიდიულ საკითხებს უკავშირდებოდა.

„საკმაოდ რთული პროცესი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იურიდიული უფლების მიღება, პოლიციასთან მოლაპარაკება, რომელსაც ჯარიმებზე წვდომის ნებართვა უნდა მოეცა - ეს პროცესი 3 წელი გაგრძელდა, რასაც ეროვნულ ბანკთან და ბარათის პროვაიდერებთან მოლაპარაკებებიც დაემატა, როდესაც აპლიკაციას ვგზავნიდით, გარკვეული სირთულეები შეიქმნა კომპანია APPLE-სთანაც, თუმცა დიდი ძალისხმევის და მონდომების შედეგად, ეს გამოწვევები გადავლახეთ და ამჟამად 10 000-მდე მომხმარებელი გვყავს“, - განმარტავს კობა ჟღენტი.

„ბორბალოს“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც გვიყვება და ამბობს, რომ მთავარი მიზანი აღნიშნული აპლიკაციის ყველა მძღოლის მობილურში გამოჩენაა.

„ჩვენი მიზანია, რომ გავფართოვდეთ და მალე აპლიკაცია ყველა მძღოლის მობილურში იყოს, ვგეგმავთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და მალე ქოლ-ცენტრსაც ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მომხმარებელს ‘’ბორბალოს’’ სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის“, - აცხადებს კობა ჟღენტი BM.GE-სთან.

მისივე ცნობით, აპლიკაციის შესაქმნელად 150 000 ლარის ოდენობის პირადი ინვესტიცია განახორციელა, შექმნის პროცესში კი დაახლოებით 10 ადამიანი იყო ჩართული.

„ბორბალო“-ში მანქანის დამატება პირველი თვე სრულიად უფასოა, შემდეგ კი ყოველთვიური გადასახადი 1 ლარია.

ინფორმაციისთვის, კობა ჟღენტმა რამდენიმე წლის წინ „ვეფხისტყაოსნის’’ აპლიკაციაც შექმნა, რომელიც მოსწავლეებს მის სწავლას უმარტივებს და წლიურად 100 000-მდე მომხმარებელი ყავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა