მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის“ გათავისუფლებული ადამიანების ვინაობა არ ვიცით“ - მედიაციის პროცესი დაიწყო

6273aea12ef6e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.22 15:08
1615
"აი დი ეს ბორჯომის“ დასაქმებულთა პროფკავშირმა ჯანდაცვის სამინისტროში მედიაციის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადი შეიტანეს. ამის შესახებ აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ BM.GE-ს განუცხადა.

ის მედიაციის პროცესთან დაწყების შესახებ მიმდინარე პროცესს განმარტავს და ამბობს, რომ პროფკავშირი ქარხანაში თითოეული დასაქმებულის უფლებებს დაიცავენ.

"ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, გამოყოს მედიატორი, რომელიც განიხილავს გარკვეულ საკითხებს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის; თუ მოხდება შეთანხმება, მხარეები ამაზე ხელს მოაწერენ, თუ არ მოხდება, დასაქმებულებს კანონიერი გაფიცვის უფლება ექნებათ“, - განმარტა დიასამიძემ.

აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ თავად დასაქმებულებმა არაფერი იციან და ეს ფაქტი მედიაციის პროცესს არ შეცვლის.

"კომპანიის განცხადებით, მათ რეორგანიზაცია განახორციელეს და 49 ადამიანი გაათავისუფლეს. სანამ კომპანია დასაქმებულებს არ გადასცემს გათავისუფლების ბრძანებას, არც ჩვენ და არც დასაქმებულებს არ გვაქვს ინფორმაცია, ვის შეეხო რეორგანიზაცია, თუმცა აქვე საკითხავია რამდენად სამართლიანად განახორციელა კომპანიამ რეორგანიზაცია. ნებისმიერი დამსაქმებელი ვალდებულია, გარკვეული სახის ვალდებულებები აიღოს, მით უფრო როდესაც პრემიერმა სასიამოვნო სიახლის შესახებ განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ უსიამოვნებები ხდება. გარკვეული სახის აქტივობები სახელმწიფოს მხრიდანაც საჭიროა. გარდა ამისა, დასაქმებულები ყველაფერს აცნობიერებდნენ, მათ შორის იმასაც, რომ დამსაქმებელი თავის კეთილდღეობის მოწყობას დასაქმებულებზე ეკონომიის ხარჯზე შეეცდებოდა, თავად ნაკლები დაიკლეს და კრიზისის გადატარება დასაქმებულთა ხარჯზე უნდათ“, - აღნიშნა მან.

გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ხელშეკრულების ახალი პირობები, არამხოლოდ იძულებითი მოცდენის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასის ანაზღაურების 50%-ის გაცემას გულისხმობს, არამედ სხვა ცვლილებებსაც მოიცავს. „მძიმე და მავნე სამუშაოზე უფრო დაბალი ტარიფი; ზეგანაკვეთურ შრომაზე 140%-ის ნაცვლად 125%-ის გადახდა; სხვადასხვა სოციალურ ბენეფიტს პრობლემები ექმნება“, - აღნიშნა დიასამიძემ.