მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის" ჯგუფის შემოსავალი $558 მილიონს აღემატება

630f546ab2dea
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.22 16:27
1354
საქართველო “ბორჯომის” ჰოლდინგის მფლობელ კომპანია Rissa Investment Limited-ში 7.73%-იანი წილის მფლობელი გახდება - ამის შედეგად, სანქცირებული მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფის” წილი კომპანიაში 57.72%-დან 49.99%-მდე შემცირდება. 

Rissa Investment Limited-ი კვიპროსის ოფშორში არის რეგისტრირებული და ის ქართულ “ბორჯომთან” ერთად რუსული და უკრაინული მტკნარი წყლების კომპანიებს “სვიატოი ისტოჩნიკსა” და “მორშინსკს” აერთიანებს.

კომპანიამ რუსულ მარეგულირებელს 2021 წლის შემოსავლების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წელს Rissa Investment Limited-ის გაყიდვებმა $558 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2020 წელთან შედარებით 97 მილიონი დოლარით მეტია. კომპანიის წმინდა მოგება $58.5 მილიონი იყო.

ანგარიშის თანახმად, კომპანიის გაყიდვების უდიდესი ბაზარი რუსეთია:

• რუსეთი - 239 მილიონი დოლარი;
• უკრაინა - 208 მილიონი დოლარი;
• ლატვია, ესტონეთი და ლიტვა - 26 მილიონი დოლარი;
• ყაზახეთი - 26 მილიონი დოლარი;
• ბელარუსი - 21 მილიონი დოლარი;
• საქართველო - 20.6 მილიონი დოლარი;
• უზბეკეთი - 7 მილიონი დოლარი;
• აზერბაიჯანი - 2.4 მილიონი დოლარი;
• სხვა ქვეყნები - 9.4 მილიონი დოლარი.

2022 წლის მარტში “აიდიეს ბორჯომი საქართველოს წარმომადგენლობამ” განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების გამო, კომპანია საქმიანობას აჩერებდა. ოპერირების განახლების შესახებ განცხადება 13 ივნისს გაკეთდა, მაშინ ითქვა, რომ ფრიდმანის კომპანია საქართველოს მთავრობას აქციების 7.73%-იან პაკეტს აჩუქებდა, ხოლო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში საქართველოს მთავრობა 2 წევრს დანიშნავდა, აქედან ერთი წევრი საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაინიშნენ საბჭოს წევრებად.

რაც შეეხება კომპანიის სხვა აქციონერებს, წილების გადაცემის შემდეგ კომპანიის მფლობელთა სია ასეთი იქნება:

Erasmony Limited - მიხაილ ფრიდმანის ალფა ჯგუფი - 49.99%
BlackWaters Limited - პატარკაციშვილების ოჯახი - 38.48%;
საქართველოს სახელმწიფო - 7.73%;
სხვა პირები - 3.80%.