01.მაისი .2020 15:56

"ბრიტანეთის საავიაციო სექტორი სამუშაო ადგილების "ცუნამური დანაკარგის" წინაშე დგას"

views 335
უკან

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბრიტანეთის საავიაციო სექტორი სამუშაო ადგილების „ცუნამური დანაკარგის“ წინაშე დგას, - განაცხადა ბრიტანეთის ავიაკომპანიის მფრინავების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბრაიან სტრატონმა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ 3,000-მდე სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს, რათა კომპანიას ხარჯები შეუმცირდეს.
„მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდუსტრია არნახულ კრიზისშია და შესაძლოა, სექტორი სამუშაო ადგილების „ცუნამური დანაკარგის“ წინაშე დადგეს“, - განაცხადა სტრატონმა.

ბრიტანეთის ავიაკომპანიის მფრინავების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გააკრიტიკა ბრიტანეთის ხელისუფლება, რადგან სექტორს სათანადო თანადგომას არ უცხადებენ.

„როგორც ხედავთ, აშშ-მა ავიაკომპანიების დასახმარებლად 25 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, ანალოგიური დახმარება აღმოუჩინეს ევროპის ქვეყნებმაც საკუთარ ავიაკომპანიებს. მე მაქვს კითხვა, რატომ არ ეხმარება ბრიტანეთი საკუთარ ავიაციას?“ აღნიშნა სტრატონმა.

შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში British Airways-მა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილების 12,000-ით შემცირებას გეგმავს.