მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუტრანა" სუფრის ყურძნის იმპორტს ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლებს

5f101a1c68045
BM.GE
16.07.20 13:12
3722
ღვინისა და ყველის მწარმოებელმა კომპანია „ბუტრანამ“ სუფრის ყურძნის ჯიშის შესანახი სამაცივრე მეურნეობა დააარსა, რომელიც ექსპლუატაციაში რთველის სეზონზე შევა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა აღნიშნა, სამაცივრე მეურნეობაში მოხდება ადგილობრივად წარმოებული სასუფრე ჯიშის ყურძნის პირველადი დახარისხება, მისი დამუშავება, გაციება და შენახვა ხანგრძლივი დროით, ყურძნის რეალიზაცია კი განხორციელდება საცალო გაყიდვების ქსელებში. კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 10-დან 20 ტონამდე ყურძნის დამზადება-რეალიზაციას გეგმავს.

„პროდუქციაზე არსებული მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, სასუფრე ჯიშის ყურძნის წარმოება საქართველოში განვითარების საწყის სტადიაზეა, შესაბამისად, მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქციაზე კმაყოფილდება იმპორტით, რომელსაც ბაზრის ძირითადი წილი უკავია. სამაცივრე მეურნეობით, შევძლებთ სარეალიზაციო ქსელს პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად მივაწოდოთ და იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენცია გავუწიოთ,“- განაცხადა ჯემალ ხატიაშვილმა.

მისი თქმით, ახალი სამაცივრე მეურნეობა ნედლეულს მიიღებს საკუთარი ვენახებიდან, სადაც 50-მდე სასუფრე ყურძნის ჯიში ხარობს, მათ შორის, უწიპწო ვიქტორიას, კარდინალის, მარკიზის, როიალ ოთამის და სხვა ჯიშები. ნედლეულის შეძენა ასევე მოხდება ადგილობრივი მევენახეებიდან, რომელთაც გაშენებული აქვთ სხვადასხვა ჯიშის სასუფრე ყურძნი.

„ბუტრანას“ ახალი სამაცივრე მეურნეობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარეობს. სასუფრე ყურძნის ჯიშის შემნახველი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის ,,ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში განხორციელდა. აშენდა და მოეწყო ორი სამაცივრე კამერა, რომელთა წარმადობა შეადგენს 20 ტონას. „ბუტრანა“ სამაცივრე მეურნეობაში სეზონურად დამატებით 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.
„ბუტრანა“ ყველისა და ღვინის კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია აწარმოებს ტრადიციულ კახურ ღვინოს, აქვს საკუთარი მეცხოველეობის ფერმა, საიდანაც მიღებული მაღალი ხარისხის ნედლი რძისგან აწარმოებს პიკანტური ყველის 15 სახეობას, აქვს სადესერტო ყველის ხაზი.