მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"BYD საუკეთესო კომპანიაა, რომელშიც ოდესმე ინვესტიცია ჩამიდია" - ჩარლი მანგერი

63ee4a7374104
გიორგი თოლორდავა
17.02.23 00:20
1171
მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის, Berkshire Hathaway-ს ვიცე-თავმჯდომარე და ლეგენდარული უორენ ბაფეტის უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ჩარლი მანგერი ინტერვიუში აცხადებს, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი BYD საუკეთესო კომპანიაა, რომელშიც მას ინვესტიცია ოდესმე ჩაუდია.

„Berkshire-ში მუშაობის პერიოდში არასოდეს გამიკეთებია ისეთი კარგი საქმე, როგორიც კომპანია BYD-ში ინვესტირება იყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჩვენი ინვესტიცია ამჟამად 9 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, რაც, მე თუ მკითხავთ, შესანიშნავი შედეგია“, - ამბობს ჩარლი მანგერი.

99 წლის ინვესტორის განმარტებით, BYD საფონდო ბირჟაზე იაფად ნამდვილად არ არის შეფასებული, ჯერ კიდევ სტარტაპობის ეტაპზე მყოფი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 110 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც Mercedes-ისა თუ Volkswagen-ის საბაზრო შეფასებაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია.

BYD-ს მთავარ კონკურენტზე, Tesla-ზე საუბრისას მანგერი აღნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარზე ილონ მასკის კომპანია BYD-ს სათანადო კონკურენციასაც კი ვერ უწევს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

„გასულ წელს Tesla-მ ელექტრომობილების ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა, BYD-მ კი პირიქით -  გაზარდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთში გაყიდვებით მაინც BYD უსწრებს - ამ კომპანიების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, BYD ზედმეტად წინ არის“, - აცხადებს მანგერი.

ცნობისთვის, Tesla-მ მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებლის პოზიცია დაკარგა. გლობალური ლიდერი ამჟამად ჩინური კომპანია BYD-ია. კომპანია ჩინეთში 1995 წელს დაარსდა და მისი ქოლგის ქვეშ არაერთი ბრენდია თავმოყრილი, მათ შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კი სწორედ Tesla-ს კონკურენტი, BYD Automobile-ია, რომლის მთავარ მიზანსაც პრემიუმ-კლასის ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წარმოება წარმოადგენს.

BYD-ის 7.7%-იან წილს Berkshire Hathaway ფლობს. საჯარო საუბრებში ბაფეტს არაერთხელ უთქვამს, რომ ავტომობილების ბაზარზე ყველაზე დიდ პოტენციალს ის ჩინეთში ხედავს - მისი საინვესტიციო სტრატეგიაც სწორედ ამ პროგნოზით აიხსნება.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.