მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცეზარი": წელს, კანადასა და ამერიკაში 100 ტონა ყველის გაყიდვას ვგეგმავთ

620cb03dae597
მარიამ იზორია
20.02.22 22:00
2363
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ცეზარი” მიმდინარე წელს ექსპორტზე აშშ-სა და კანადაში ჯამში 100 ტონა ყველის გატანას გეგმავს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ კახაძემ განუცხადა, ექსპორტს ამ ბაზრებზე უკვე რამდენიმე წელია ახორციელებენ, 2022 წელს კი მზარდი მოთხოვნის გამო მოცულობას გაზრდიან.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზრებზე რამდენიმე ტონა ყველი დაახლოებით 2 თვეში ერთხელ იგზავნება.

მეწარმე დარგში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბაზარზე ნედლი რძის ფასი მომატებულია, ამასთან შემცირებულია ხარისხი. მისივე განმარტებით, რეალიზაციის პრობლემებიც იქმნება, რადგან მომხმარებელი გაზრდილი ფასის გამო ყველს დიდი რაოდენობით აღარ მოიხმარს.

“ნედლი რძე 15%-ით გაძვირდა. შესაბამისად ყველზეც ფასების მატება მოგვიწია. გაზრდილი ღირებულების გამო კი რეალიზაციის პრობლემაა. დღეს სულგუნი 20-22 ლარი ღირს, ადამიანებს ამხელა თანხის გადახდა უჭირთ. ადრე თუ დიდი რაოდენობით ყიდულობდა, ახლა საერთოდ აღარ ყიდულობენ. ყველის წარმოება, რომ ვითარდება რძის წარმოებაც უნდა განვითარდეს, რადგან ეს ერთი ჯაჭვია. სამწუხაროდ, ქვეყანაში რძის სექტორში ბევრი პრობლემაა - მათ შორის ხარისხისა და ღირებულების კუთხით.

რაც შეეხება “ცეზარის” ყველის ექსპორტს, წელს ვაპირებთ 100 ტონა ყველი ამერიკისა და კანადის ბაზარზე გავყიდოთ”, - ამბობს ცეზარ კახაძე.

ინფორმაციისთვის, ხულოში მდებარე “ცეზარის” რძის პროდუქტების საწარმოსთვის 2016 წელს, ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ნედლ რძეს 500-მდე ადგილობრივი ფერმერისგან იბარებს და სეზონზე დღიურად დაახლოებით 10-15 ტონა რძეს გადაამუშავებს. გარდა ექსპორტისა, “ცეზარის” რძის პროდუქტები ქსელურ მარკეტებში იყიდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ამერიკის სურსათის უვნებლობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც ფლობს.